საზოგადოება
სამშობლოსკენ მომავალი ოქრუაშვილი ქართველ ჯარისკაცებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს

iraa„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს „უახლოეს დღეებში არჩევანის ხალხის სასარგებლოდ გაკეთებისკენ“ მოუწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მოგმართავთ პოლიტიკოსი, რომელსაც თქვენი, როგორც სამხედროების და მთლიანად ჯარის, სატკივარი ყველაზე მეტად აქვს გათავისებული. ბედმა მარგუნა, რომ ორი წლის განმავლობაში თქვენს რიგებში ვყოფილიყავი, იქნებოდა ეს ყოველდღიური ცხოვრება, საველე პირობებში ყოფნა თუ საბრძოლო ოპერაციები. ორი წლის განმავლობაში ნათლად დავინახე, რომ ვერცერთი სხვა მოხელე, იქნება ეს პოლიციელი თუ მეციხოვნე, წესიერებაში, ღირსებაში და ქვეყნის სიყვარულში ტოლსაც ვერ გიდებთ. თუმცა შესაბამისი დაფასება ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ გქონიათ. თქვენი ორივე მთავარსარდალს – შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც, ეშინოდა. ამ უკანასკნელს 2008 წლის ომის შემდგომ ჯარისადმი პათოლოგიური ზიზღიც კი გაუჩნდა და თავზე ახალაიას სახით ჯალათი დაგასვათ, იმ ერთადერთი მიზნით, რომ გაკონტროლონ, დაგთრგუნონ და აზრის გამოთქმა აგიკრძალონ იმ სიბინძურეზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. აშკარაა, რომ მთავარსარდალი თქვენ ისე გექცევათ, როგორც დანარჩენ საქართველოს და პოლიციას და სპეცსამსახურებს თქვენ წინააღმდეგ ძალადობისათვის ისევე იყენებს, როგორც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. პოლიციის ის დაფასება, მატერიალური წახალისება და სხვა ტიპის ყურადღებაც საკმარისია იმის დასანახავად, რომ თქვენ მათთან თანასწორად არ მიგიჩნევენ. 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილმა იმდენად შეგიძულათ, რომ მხოლოდ სამხედრო აღლუმებზე ჩასატარებლად გიყენებთ ან ცოტა უფრო მეტი, სხვის ომში ერაყსა თუ ავღანეთში როგორც ექსკურსიაზე, ისე გგზავნიან გროშებისა და უდიდესი რისკის ფასად იმისათვის, რომ დასავლეთში დემოკრატად წარმოჩინდეს. ამ უაზრობას კი ჩვენი თანამებრძოლები ეწირებიან.

თქვენ არ გენდობოდნენ და არ გენდობიან. საუკეთესო ოფიცრების დიდი ნაწილი არა მხოლოდ სამსახურიდან დაითხოვეს, არამედ შეთითხნილი ბრალდებით ციხეში გამოკეტეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უყვარდათ და ეს ხმამაღლა თქვეს. მამუკა გორგიაშვილისა და ლევან ამირიძის მაგალითიც კი საკმარისია ყველაფერი ამისათვის. სააკაშვილს არც დაუმალავს მისი დამოკიდებულება თქვენდამი, როდესაც ხმამაღლა განაცხადა: „ჯარი რისი ჯარია თუ არ დაიხოცაო“.

2008 წლის ომი ყველა ჩვენგანისათვის დიდ ტკივილად დარჩება. ჩვენ საუკეთესო თანამებრძოლები დავკარგეთ. ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები ეჩვენებინათ, ტელეკამერების წინ გარბოდნენ. თავს გჭრიდნენ თქვენც და მთელ საქართველოსაც. მაშინ, როდესაც თქვენ საზარბაზნე ხორცი იყავით და იხოცებოდით, ხელისუფლება საკუთარ ოჯახებს საზღვარგარეთ ხიზნავდა და ქონების გატანით იყო დაკავებული.

თქვენ დაგაბრალეს, რომ ომი წააგეთ, ომი, რომელიც მხოლოდ ერთმა ადამიანმა წააგო და მას მთავარსარდალი სააკაშვილი ჰქვია. იაკობ გოგებაშვილის „თავდადებული მღვდელი თევდორეში“ რიგითი მღვდელი სააკაშვილი მტერთან ბრძოლაში თავგანწირვის მაგალითია, ხოლო დღეს მთავარსარდალი სააკაშვილი სირცხვილის მაგალითად იქცა.

ცოტა ხანში თქვენ ურთულესი არჩევანის წინაშე დადგებით. ასეთი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება. რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი სააკაშვილსა და მის ხელისუფლებასთან ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდება. ამ დროს მე ჩემი ხალხის გვერდით ვიდგები და სხვაგვარად არც შეიძლება. ვიდგები ხალხთან ფიზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად. თქვენი არჩევანი ისტორიას შეცვლის, თქვენი არჩევანი სირცხვილს ჩამოგვრეცხავს, თქვენი არჩევანი საქართველოს გადაარჩენს, თუ დადგებით ხალხთან და მე, პირადად, ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ სხვაგვარად არც შეგიძლიათ. ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი!“ – ნათქვამია თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებაში.