საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მერობის კანდიდატი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში მისვლისკენ და "ნაციონალური მოძრაობის" "დამთავრებისკენ" მოუწოდებს. ამ საკითხზე სასაუბროდ კალაძემ სპეციალური ვიდეომიმართვაც ჩაწერა და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ბოლშევიზმს, ბოროტებას, სიძულვილსა და სიცრუეს შეადარა.
"პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს მეორე ტურში გვიპირისპირდება, თბილისმა განაჩენი დიდი ხნის წინ გამოუტანა, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი...
ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში!", - მიმართა ამომრჩეველს კალაძემ.
საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის ასარჩევად მეორე ტურის გამართვაა საჭირო. ხუთივე თვითმმართველ ქალაქში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, საკრებულოებში პროცენტულად ოპოზიციური წარმომდგენელი უფრო მეტია, თუმცა ოპოზიციას უმრავლესობა არსად არ ჰყავს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება "ქართულმა ოცნებამ", მათ შორის კახა კალაძემ "იმედის" დაკვეთილი ეგზიტპოლის გამოცხადებისთანავე იზეიმა. "მთავარი არხისა" და "ფორმულას" დაკვეთილი ეგზიტპოლებით კი თბილისში მეორე ტური იმართებოდა. ცესკოს პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ მმართველ გუნდში მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობებზე დაიწყეს საუბარი.
მეორე ტურში კახა კალაძის კონკურენტი თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.