ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გვანცა ყუფარაძეს პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე დარჩა. სასწავლო წლის ბოლოს იგი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას აპირებს, რის გამოც ვადაზე ადრე გათავისუფლება ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს კარგი დახასიათება აქვს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ მისი გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქინფორმი შეგახსენებთ, რომ გვანცა ყუფარაძე 2006 წლიდან თანატოლი ბიჭისთვის 33 ჭრილობის მიყენების ბრალდებით იხდის სასჯელს. იგი დაკავებისას 14 წლის იყო. სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან 5 წელი – პირობით მოხდით. არასამთავრობო ორგანიზაციები გვანცა ყუფარაძისადმი ბრალდებას ეჭვქვეშ აყენებენ. ამის შესახებ მათ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.გვანცა ყუფარაძის მამა ალექსანდრე ყუფარაძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისი უკანონობის გამო უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, გვანცა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, ვადაზე ადრე რომ გათავისუფლებულიყო. „საბჭომ მონაცემები გააყალბა და შედეგად გვანცა ისევ პატიმრობაშია. გვანცას ბრწყინვალე დახასიათება აქვს. ყველა ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. კარგი ქცევისთვის და სანიმუშო სწავლისთვის დამატებითი (ოთხი) პაემნის უფლება აქვს. მოხდილი აქვს სასჯელის ორ მესამედზე მეტი. კარგი დამოკიდებულება აქვს ციხის ადმინისტრაციასთან. ერთი სიტყვით, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. დასკვნაში ჩაწერეს, თითქოს ბავშვს არ ვაკითხავთ ციხეში. არადა, ყოველდღე ციხის კარზე ვარ. გააყალბეს სხვა მონაცემიც. ოქმში მიუთითეს, რომ თურმე წახალისებული ან დასჯილი არ ყოფილა. დასჯილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ 4 დამატებითი პაემნის უფლება რა არის, თუ არა წახალისება?! ეს ყველაფერი ციხის ადმინისტრაციის დახასიათებაშიც წერია. თუმცა ამ დახასიათებაზე დაყრდნობით საბჭომ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა და გვანცა ვადაზე ადრე არ გაათავისუფლა... საქმე არც ისე რთულადაა და ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება – ადგილობრივი საბჭო ფორმალურად არსებობს და რეალური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო არ არის. მისი ერთადერთი ფუნქცია დოკუმენტებზე ხელის მოწერაა.“
ალექსანდრე ყუფარაძის თქმით, საბჭო რეალურად არც ქულებს ითვლის. მას მზა ქულები ეგზავნება სამინისტროდან და საბჭოს წევრები ქაღალდზე ფორმალურად აწერენ ხელს.
რაც შეეხება თვით გვანცას, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 5 თვეღა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მას უარი ეთქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, იგი საპატიმროში აგრძელებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას და აპირებს, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბაროს.