საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვეტერანებისთვის ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი გადაიხედება და 2022 წლის იანვრიდან ხუთჯერ გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა მათ სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ გულითადად ვეტერანთა დღეს სხვადასხვა თაობის ვეტერანს, ვინც მეორე მსოფლიო ომსა თუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსა და მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისთვის.
დღეს თქვენთან, მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებთ თქვენს თანამებრძოლ და იმ გმირთა ხსოვნას, ვინც ოჯახებს ვერ დაუბრუნდა და ვინც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კობა კობალაძემ ჩამოთვალა ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც განვახორციელეთ ჩვენი მთავრობის პირობებში. ყველა ის პროგრამა, რომელიც განხორციელდა და რომელიც განხორციელდება, იქნება ეს 1000-ლარიანი დანამატები, თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც განხორციელდა ბოლო პერიოდში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანებზე, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე მინდა, ვთქვა ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, იქნება გადახედილი და იანვრიდან ხუთჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი.
თქვენი დაფასება არის არა მარტო თქვენი ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა ჩვენ მომავალზე, ჩვენ ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე. ასე რომ, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი სამსახურისთვის, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.