„გადაგვარებული ყოფილი სეპარატისტები“, „ტერორიზმში ეჭვმიტანილები“ და „ქუჩაში მორბენალი ყოფილი პოლიტიკოსები“ ის ძალები არიან, რომლებიც რუსეთის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ საქართველოზე გავლენის დაბრუნების მიზნით, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 მაისს.
თბილისში ევროპარლამენტის პრეზიდენტ იერჟი ბუზეკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას კომენტარით გამოეხმაურა. მედვედევმა აღნიშნა, რომ 2008 წლის მოვლენებმა რუსეთს სიძლიერე აგრძნობინა.
„განცხადება იმის თაობაზე, რომ მოხდა რუსეთის სიძლიერის დემონსტრირება, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვფიქრობ, 2008 წლის აგვისტოდან გასული სამ წელიწადზე ნაკლები პერიოდი ნათელი დემონსტრაცია იყო რუსეთის პოლიტიკის სისუსტისა, – განაცხადა სააკაშვილმა, – თქვენ გახსოვთ იმავე რუსეთის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ მე ვარ „პოლიტიკური ცხედარი“, მაგრამ უკვე ცხედარი ვარ ბოლო სამი წელიწადია; მე მგონი, ცოტა უკეთესად გამოვიყურები, ვიდრე ის, რაც მან აღწერა თავის სიტყვებით“.მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ჩამოშლილიყო, რასაც რუსეთი გეგმავდა თავისი სამხედრო ინტერვენციით, საქართველო „გახდა ამ რეგიონის მთავარი რეფორმატორი“.
„ნუთუ რუსეთის მთავრობისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, ასეთი ქვეყანა ჰყოლოდა თავის მოკავშირედ? ნუთუ არ იყო მათთვის მნიშვნელოვანი, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო მათი პარტნიორი და მათი მეგობარი?“ – განაცხადა სააკაშვილმა.
„დღეს ვინ არის რუსეთის მოკავშირე საქართველოში? – გადაგვარებული ყოფილი სეპარატისტები, რომლებიც ახლა არიან ოკუპანტთა სამსახურში; მათი [რუსეთის] მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი დანარჩენ საქართველოში – ეს არის „კოჭოია“ [რომელიც შემოდგომაზე თბილისში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით დააპატიმრეს] გალიდან და ესენი არიან ქუჩაში მორბენალი ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც მსოფლიო რეკორდებს ამყარებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში თავისი არაპოპულარულობით, რაც გადაზრდილია ლამის ხალხის მხრიდან მათ სიძულვილში – სრულიად დამსახურებულად, მინდა, აღვნიშნო. ნუთუ ამ მოკავშირეებით აპირებენ ისინი თავისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ამ რეგიონში?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გახსნილი ვართ რუსეთთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის; რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, ღიად გავუზიაროთ რუსეთს ჩვენი რეფორმების გამოცდილება და ამის გარდა, უბრალოდ, გვქონდეს ადამიანური, ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები იმ პირობებში, რომ ისინი გვაღიარებენ სახელმწიფოდ და დაუწყებენ საუბარს ჩვენს დემოკრატიულად არჩეულ ამჟამინდელ ხელისუფლებას“, – დასძინა მან.