აქტუალური
პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ — ევროპარლამენტარი

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი (EPP, გერმანია), რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ევროპარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ფუნქციონირებად დემოკრატიაში საყოველთაო მოსმენების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პასუხისმგებელი პირი გადადგებოდა.

ეს ძალიან შემაშფოთებელია. არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს და გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ამის ბრძანება ვინ გასცა, რაც საქართველოს კანონმდებლობით უკანონოა. ეს აჩვენებს, რომ არის სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა”, — განაცხადა გალერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, თუ მოსმენების უკან არ დგას რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბიძინა ივანიშვილი, ესეც აღმაშფოთებელია.

შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი აგოს”, — დასძინა მაიკლ გალერმა.

ევროპარლამენტარების დელეგაცია (მაიკლ გალერი, მირიამ ლექსმანი, მარინა კალიურანდი, კატალინ ჩეჰი, მარკეტა გრეგოროვა, ჯორდი სოლე და ანა ფოტიგა) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 30 სექტემბერს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.

2021 წლის სექტემბერში ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს. ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.