საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთის „შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების“ – რაშ ცვიჟბას და დადინ ჩაჩხალიას, ასევე „დეპუტატ“ გარი კოკაიას წინააღმდეგ სოხუმში 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება სოხუმის ცენტრში მომხდარ ინციდენტს, რომელშიც, ერთი მხრივ, აფხაზი „დეპუტატი“ გარი კოკაია და ომის ვეტერანები ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟადან, ხოლო, მეორე მხრივ, მილიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, დმიტრი დბარი მონაწილეობდნენ.
11 ოქტომბერს წინასაგამოძიებო შემოწმების შედეგების წარდგენისას, აფხაზეთის „გენერალურმა პროკურორმა“, ადგურ აგრბამ განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეების“ წინააღმდეგ საქმე ოკუპირებული რეგიონის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 288-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს და ხუთიდან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.
წინასაგამოძიებო შემოწმების თანახმად, „დეპუტატ“ კოკაიას ქმედებები შეიცავდა სისხლის სამართლებრივ დანაშაულს 207-ე (ხულიგნობა) და 321-ე (ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფა) მუხლებით. კოკაიამ, სავარაუდოდ, იარაღიდან ჰაერში გაისროლა და შემდეგ უარი თქვა მის „შინაგან საქმეთა მინისტრისთვის“ გადაცემაზე, რასაც ვეტერანებსა და სამართალდამცველებს შორის ჩხუბი მოჰყვა.
„პროკურატურამ“ ბრალი კიდევ ერთ აფხაზ „დეპუტატს“, ალმასხან არძინბასაც წარუდგინა, რომელიც ინციდენტის შემდეგ, სამსახურის მანქანით „სამინისტროს“ შენობასთან მივიდა და 20-ჯერ გაისროლა ჰაერში. „პროკურორის“ თქმით, მათ ყველა მტკიცებულება გააჩნიათ, თუმცა არძინბას სახლს ვერ ჩხრეკენ, ვინაიდან მას დეპუტატის იმუნიტეტი იცავს.
„დეპუტატების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მიზნით, „პროკურატურა“ „უზენაეს სასამართლოსთვის“ მიმართვას გეგმავს, რათა ამ უკანასკნელმა „დეპუტატების“ ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე დასკვნა მიიღოს. აგრბას თქმით, ამის შემდეგ „პროკურატურა“ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის თაობაზე „საკანონმდებლო ორგანოს“ მიმართავს.
„პროკურატურა“ „შს მინისტრის“, დმიტრი დბარის ქმედებებში რაიმე გადაცდომას ვერ ხედავს. გავრცელებული ინფორმაციით, „პროკურორმა“ განაცხადა, რომ დბარის თავდაპირველი მოთხოვნა, რომ კოკაიას სროლის ინციდენტის შემდეგ იარაღი გადაეცა კანონიერი იყო. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებით, არც მას და არც მის ქვეშევრდომებს არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა და არც ძალადობისთვის მიუმართავთ ვეტერანების წინააღმდეგ.
თუმცა, „პროკურატურამ“ ჩათვალა, რომ ვინაიდან დბარმა ვერ უზრუნველყო ინციდენტის აღკვეთა, საჭიროა, რომ აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიას „მინისტრის“ წინააღმდეგ დისციპლინარული სანქციების დაწესებისთვის მიმართონ და მისი თანამდებობაზე დარჩენის სისწორე შეაფასონ.
იმავდროულად, 11 ოქტობერს, ომის ვეტერანებმა და მათმა მხარდამჭერებმა სოფელ აძიუბჟადან აქცია გამართეს და დბარის პოსტიდან გადადგომა მოითხოვეს. ამ უკანასკნელმა გამოძიების პერიოდში უფლებამოსილების შეჩერება ითხოვა. საბოლოოდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ასლან ბჟანიას დაბრუნებას დაელოდონ, რომელიც ამჟამად სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.