ომარ ქუცნაშვილი: „შიშველი ხელებით, ცხელი გულითა და ცივი გონებით ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსთვის!“
„სახალხო კრების“ წარმომადგენელ ზაქარია ქუცნაშვილის მამა, პატიმრობაში მყოფი ომარ ქუცნაშვილი, ქართველ საზოგადოებას მიმდინარე წლის 21 მაისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც ქუცნაშვილი საპატიმროდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, „ვისაც სურს, თავდაუზოგავად იბრძოლოს საქართველოს ღირსეული მომავლისათვის, ვინც მზად არის, თავისი ინტელექტი, ცოდნა და გამოცდილება უშურველად მოახმაროს ქართველი ერის სულიერ და ეკონომიკურ აღმავლობას, სოციალურ კეთილდღეობასა და საერთაშორისო ავტორიტეტს, აქციაზე უნდა მივიდეს“.
„21 მაისს დავდგეთ „სახალხო კრებასთან“ ერთად! შიშველი ხელებით, ცხელი გულითა და ცივი გონებით ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოსთვის! ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენი ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც უმთავრესია თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს აშენება, ვისთვისაც ენა, მამული, სარწმუნოება არსებობისა და მოქმედების კრედოა, ვისაც სჯერა ქართველი ერის მარადიულობისა, ვიბრძოლოთ ქართველთმოძულე და ავტოკრატიული რეჟიმისაგან განთავისუფლებისთვის! სამშობლოსთვის ჩვენი ბრძოლა წმინდა და სამართლიანია, ამიტომ გამარჯვება გარდაუვალია! მიგულეთ თქვენ გვერდით ამ კეთილშობილურ ბრძოლაში“, – მიმართავს პატიმარი ომარ ქუცნაშვილი საზოგადოებას.