საზოგადოება
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია

heraldikaგუშინ, 19 მაისს, პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციის გახსნისას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას თანადგომისათვის და განაცხადა, რომ მათი  მხარდაჭერა ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ელდარ შენგელაიამ აღნიშნა, რომ საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა და არქივებში საქართველოს ისტორიული, ჰერალდიკური წყაროებისა და მასალების მოძიება წარმოადგენს. პრეზენტაციაზე გამოფენილი საზღვაო რუკების ასლები, რომლებზეც საქართველო ხუთჯვრიანი დროშით ფიქსირდება, XIV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება და ისინი დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკიდან, პარმისა და პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკებიდანაა მოპოვებული.

„მნიშვნელოვანია, რომ პორტოლანებზე გამოსახულია ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი თბილისი და მის თავზე აღმართული ხუთჯვრიანი დროშა. ეს უძველესი ნიშანი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ამშვენებს, იმის ნიშანია, რომ საქართველო იყო, საქართველო არის და საქართველო იქნება!“ – განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაიამ.

საბჭო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოებზე – დროშასა და გერბზე, მუშაობს. წინა წლებში უკვე შემუშავებული და დამტკიცებული 14 თვითმმართველი ერთეულის დროშებსა და გერბებს ახლანდელ გამოფენაზე ახლად შექმნილი 22 სიმბოლიკა შეემატა. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში 67 მუნიციპალიტეტია, საბჭოს ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრი აქვს.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო სათანადო ლიტერატურასაც გამოსცემს. ამჯერად სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ესენია: თორნიკე ასათიანის „ქართული გერბთმცოდნეობა“, გიორგი ლობჟანიძის „ევროპული რუკები და საისტორიო წყაროები საქართველოს შესახებ XVI-XVII სს.“ (შევსებული ვარიანტი),  „მიხეილ ვადბოლსკი და ქართული ჰერალდიკა“.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ჰერალდიკის შესახებ ოფიციალური ვებგვერდის შექმნა, რომელიც ორენოვანია (ქართულ-ინგლისური).

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ვექსილოლოგიური ასოციაციების ფედერაციის (FFIAV) პრეზიდენტი, ევროპულ-ბელგიური დროშების კვლევითი ცენტრის დამაარსებელი მიშელ ლუპანი, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიათა წარმომადგენლები, პარლამენტარები, საზოგადოებრიობის წარმომადგენელები და მუნიციპალიტეტების საკრებულოთა თავმჯდომარეები.