საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკო ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც, მათ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს და მომხდართან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 21 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.