საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში შვიდი ქილა თაფლი შეიძინა.
„ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტებზე მათ შორის ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი.
ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის, რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“, – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.