საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. მან საზოგადოებას 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
„უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის - ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციამ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით „სამაგალითო ბრძოლა უნდა აჩვენოს“.
„ძალიან მშვიდი ვარ, მინდა ინტონაცია შევარჩიო, რამეთუ ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ ვეცდები ივანიშვილს ძალიან რბილად ვუთხრა - ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ აქვე მინდა გავაფრთხილო, რომ 20-ვე ოლქში, სადაც არჩევნები ჩატარდება 30 ოქტომბერს და სადაც ჩვენი ხალხის თავგანწირვით, ბრძოლით, ერთგულებით და ერთიანობით მოვიპოვებთ გამარჯვებას და ამას არავის გავატანთ“,- განაცხადა მელიამ.