პოლიტიკა
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს, 20 მაისს, გრძელდება დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი თემაზე „დემოკრატიზაცია ევროპასა და ევროპის სამეზობლოში“, რომელიც გუშინ დაიწყო.
ეს ორდღიანი შეკრება დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტმა ემანუელ ზინგერისმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გახსნეს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იერჟი ბუზეკმა ფორუმზე წარმოადინა მოხსენება თემაზე „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე დემოკრატიზაციის ფსონები და კონტექსტი“. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიზაცია და კეთილდღეობა, ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს გავლილი ტრანსფორმაციის საკმაოდ რთული გზა. „მე აქ, თბილისში, ყოფნისას, მაგონდება ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა დემოკრატიისკენ. დემოკრატია არ არის დანიშნულების ადგილი, არამედ ეს არის გზა, რომელსაც აქვს თავისი აღმავალი და დამავალი მონაკვეთები“, – განაცხადა იერჟი ბუზეკმა.სხვა მონაწილეთა გამოსვლები და დისკუსია ევროპასა და მის სამეზობლოში – როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით – დემოკრატიის დინამიკასა და დემოკრატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება.
სესიაზე ყურადღება ქართულ დემოკრატიასა და მის პერსპექტივებზეც მახვილდება. დისკუსიის თემა იქნება, ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის უკრაინის პერსპექტივა: რეალობა და მოლოდინი“.
ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებთან ერთად დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმში სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჰოვიკ აბრაჰამიანი და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კოვერი მიიღებენ მონაწილეობას.