აქტუალური
სააკაშვილის უცნაურმა ვოიაჟმა ოპოზიცია სერიოზულად დააზიანა... პარტიის შიგნითაც წინააღმდეგობებია - ხუხაშვილი

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. როდესაც საზღვარს უკანონოდ კვეთ, ესე იგი შენ გაქვს არალეგიტიმური, უკანონო დღის წესრიგი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, სხვა სამართლებრივი საქმეები რომც არ იყოს, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის გამოც დასაპატიმრებელი იყო.

„ადამიანმა, რომელიც იყო ქვეყნის პირველი პირი და კონსტიტუციის გარანტი, აი ახლა, მიმდინარე პროცესში ორჯერ დაარღვია კანონი. რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა უკანონოდ გადაკვეთა ის საზღვარი და უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. მარტო ამის გამო იყო ის დასაპატიმრებელი. ადამიანს როდესაც ქვეყნის მართვაზე გაქვს პრეტენზია, შენ თვითონ იმ ქვეყნის კანონს პატივი ხომ უნდა სცე, როდესაც საზღვარს უკანონოდ კვეთ, ესე იგი შენ გაქვს არალეგიტიმური, უკანონო დღის წესრიგი. დიდი ბოდიში ახლა, ამისთვის, რაც არ უნდა მაგარი ბიჭი იყო და შენი გულშემატკივარი ვიყო, მაინც უნდა ჩავთვალო, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, რომ შენ ხარ ამის გამო დასაპატიმრებელი”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, გია ხუხაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო, „ნაციონალური მოძრაობას“ არჩევნებზე უკეთესი შედეგები ექნებოდა.

„სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, მე ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, მასაც უკეთესი შედეგი ექნებოდა და სხვა პარტიებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი სააკაშვილის ამ უცნაურმა ვოიაჟმა საკმაოდ სერიოზულად დააზიანა, ისევ ორპოლუსიანი ველი შეიკრა.

ის რომ არ დაეპატიმრებინათ იმ დღეს, შეიძლება ცოტა სხვა სცენარი მიგვეღო, მაგრამ დაპატიმრებამ საბოლოოო ჯამში განსაზღვრა ის შედეგი რაც გვაქვს.

მეორე ტურის შედეგები დამოკიდებულია თვითონ ამ პარტიის, იგივე მელიას ქცევაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ახლა რაშია?! პოლიტიკური დღის წესრიგი უკავშირდება ახლა არჩევნებს, მაგრამ ამასთანავე აქვთ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა. პირდაპირ გეტყვით, შიგნითაც პარტიაში რატომღაც მეჩვენება, რომ წინააღმდეგობებია. ახლა არ არის იმის დრო, რომ ისევ რევოლუციური რაღაცა, კუნთების თამაში იყოს. ძალიან მარტივადაა საქმე, რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ არ არის ქვეყანაში მოცემულობა ისეთი, როდესაც აქციებით შეიძლება შედეგის მიღება. მიშა სააკაშვილის გამოშვებას აქტიურად ითხოვს მოსახლეობის 30%, დანარჩენი 70%-დან ვიღაცას არ აინტერესებს, ვიღაცას არ უნდა. აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ მოახდენენ. მით უმეტეს, სამართლებრივ სივრცეში ხომ უნდა დავრჩეთ, რა წესით უნდათ მისი გათავისუფლება? ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი უახლოეს პერიოდში მიშა სააკაშვილის გამოსვლის გახლავთ პრეზიდენტის მიერ შეწყალება. სხვა სამართლებრივი მექანიზმი არ არის. სასამართლომ რომც მოინდომოს ასე სწრაფად ვერ გამოუშვებს. საერთაშორისო თანამეგობრობას რომ ნდომოდა თავისი სიტყვის თქმა, იტყოდა უკვე, დღემდე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.