პუბლიკაციები
რომანოვების შთამომავლის „საუკუნის ქორწილი“ რუსეთში - გიორგი რომანოვის მეჯვარე დავით ბაგრატიონი იყო: ფოტოები და ვიდეო მდიდრული ცერემონიიდან

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. სანქტ-პეტერბურგში მდებარე წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარში რომანოვების შთამომავლის, დიდი ჰერცოგის, გიორგი რომანოვისა და იტალიელ რებეკა ბეტარინის ქორწილი გაიმართა. რუსეთში მას უკვე "საუკუნის ქორწილი" უწოდეს.

ქორწინების გამო, პატარძალი შარშან მართლმადიდებლად მოინათლა და ახალი სახელი - ვიქტორია რომანოვა ბეტარინი მიიღო. რებეკა ბელგიის სამეფოში იტალიის ელჩის ქალიშვილია.

საქორწინო ცერემონიას 1500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. სტუმართა შორის იყვნენ მარია ვლადიმიროვა რომანოვა, რომელიც საკუთარ თავს სრულიად რუსეთის იმპერატრიცას უწოდებს, ასევე პრუსიის პრინცი, ფრანც ვილჰელმი (გერმანიის კაიზერისა და პრუსიის მეფის შვილთაშვილი), ელჩი რობერტო ბეტარინი, ლიხტენშტეინის პრინცი ალოისი, კარლ ფაბერჟეს შვილთაშვილი სარა ფაბერჟე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

როგორც გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანს, ქორწილს საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი დავით ბაგრატიონიც დაესწრო და უფრო მეტიც, ის გიორგი რომანოვის მეჯვარე იყო. (ვიდეოებიდან ჩანს, რომ რომანოვს, ორი მეჯვარე ჰყავს, რომელთა შორისაც ერთი დავით ბაგრატიონია).

დავით ბაგრატიონ მუხრანელი და გიორგი რომანოვი სისხლით ნათესავები არიან. გიორგი დავითის ბაბუის, ირაკლი ბაგრატიონ მუხრანელის უმცროსი დის, ლეონიდას შვილიშვილია. ლეონიდა წლების წინ მშობლებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და 1934 წელს იქორწინა სუმნერ მოორ კიბიზე. მისგან ჰყავს ქალიშვილი ელენე. ლეონიდა მეორედ შვეიცარიის ქალაქ ლოზანში, რუსეთის ტახტის მემკვიდრე, დიდ მთავარ ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვზე გათხოვდა, რომელთანაც ქალიშვილი მარია რომანოვა შეეძინა. გიორგი რომანოვი მარიას ერთადერთი ვაჟია.

გიორგი რომანოვი, რომელიც 40 წლისაა, ოქსფორდში სწავლობდა, ის ალექსანდრე მეორის შთამომავალია. დაიბადა მადრიდში, დიდი ჰერცოგინია მარია რომანოვასა და პრუსიელი პრინცის ფრანც ვილჰემის ოჯახში.ცხოვრების უმეტესი ნაწილი ესპანეთსა და საფრანგეთში გაატარა. აღსანიშნავია, რომ მუშაობდა ევროპარლამენტში და ევროკომისიაში, ამჟამად კი მოსკოვში სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტითაა დაკავებული.

რუსეთში საცხოვრებლად საყვარელ ქალთან ერთად, სამი წლის წინ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი რომანოვი პირველად რუსეთში 1992 წელს ჩავიდა და ამბობდა, რომ ეს მოგზაურობა დაუვიწყარი ემოციებით იყო სავსე.

რაც შეეხება რებეკა ბეტარინის, როგორც აღვნიშნეთ, ის ბელგიაში იტალიის ელჩის ქალიშვილია. წყვილმა ერთმანეთი ბელგიაში იმ პერიოდში გაიცნო, როცა გიორგი რომანოვი ევროპარლამენტში მუშაობდა, ხოლო რებეკა ლობისტი იყო. რომანოვის ცოლი მწერალია, ამჟამად კი რუსული საიმპერატორო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.

როგორც მედია წერს, პატარძალს დიზაინერ Reem Acra-ს კაბა ეცვა, რომელიც ისეთი ვარსკვლავების სტილზე ზრუნავს, როგორებიცაა მადონა, ბიონსე, ანჯელინა ჯოლი, ასევე, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მელანია ტრამპი.

"ჩვენი ცხოვრების წიგნის ახალი თავი იწყება. როგორც მწერალი, ვიმედოვნებ, რომ მომავალი მოგზაურობა სავსე იქნება სიყვარულითა და თავგადასავლებით, როგორც ეს ჩვენი ცხოვრების წიგნის პირველ ნაწილში იყო“, - დაწერა პატარძალმა "ინსტაგრამზე.“

გიორგი რომანოვმა კი წლის დასაწყისში გამოცემა "ინსაიდერთან“ ასეთი რამ თქვა - "ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქორწილი საზოგადოებას რუსეთის სასიამოვნო მხარეს, მის სილამაზეს, კულტურასა და ისტორიას აჩვენებს და ასევე დაეხმარება ტურიზმს, რომ დაუბრუნდეს თავის დონეს."