საზოგადოება
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდი ლარით მცირდება

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 მილიარდ ლარზე მეტით, უფრო ზუსტად კი 1 055 470 800 ლარითაა შემცირებული.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 18 443 276 00 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია 2 ძირითადი ფაქტორით, კერძოდ 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი);

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით“,- წერია პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტის გეგმა 19 498 746 800 ლარია.