საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურში სააკაშვილის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ცენზორი“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„პირველ ოქტომბერს საქართველოში დააკავეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით და აღიძრა ახალი საქმე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“, – წერს „ცენზორ ნეტის“ რედაქტორი იური ბუტუსივი.
მისივე თქმით, ამის გამო უკრაინიდან სააკაშვილის გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმაც, რადგან სააკაშვილის უკრაინიდან გასვლა არსად ფიქსირდება. „ცენზორ ნეტის“ ინფორმაციით, მომხდარის გამო დროებით შეუწყვიტეს უფლებამოსილება უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ოდესის სამმართველოს უფროსს და უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს, წარუდგინოს ახსნა-განმარტება საქართველს მთავრობას, თუ როგორ მოხვდა სააკაშვილი საქართველოში ისე, რომ ის უკრაინელმა მესაზღვრეებმა ვერ შენიშნეს.