საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. რადას დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ლიზა იასკო ფეისბუქზე აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის და ლიზა ერთად არიან, ახალი ოჯახის მშენებლობას იწყებენ და სურთ ამის შესახებ საზოგადოებასაც გააგებინონ (ვიდეო იხ. აქ).
"დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად, ჩვენ გვაქვს ჩვენი ერთობლივი ოჯახი, ჩვენ გვინდა რომ ყველამ გაიგოს ჩვენი ამბავი და გვისურვოს ბედნიერება", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ლიზა იასკოს თქმით საქართველოში სააკაშვილის წამოსვლამდე ჩაწერეს.
"მე მხარს ვუჭერ მის ბრძოლას. მხოლოდ ნამდვილი მებრძოლები დიდი გულით და თავისი ქვეყნის სიყვარულით ცვლიან სამყაროს. მხოლოდ მიშასნაირი ადამიანები არიან მზად გაწირონ თავი თავიანთი სამშობლოსთვის", - წერს ლიზა იასკო ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოზე.
„ვერხოვნა რადას“ დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოში 2020 წელს სხვა უკრაინელ დეპუტატებთან ერთად ცდილობდა საქართველოში ჩამოსვლას არჩევნებზე დასაკვირვებლად, თუმცა საქართველომ ამ ჯგუფს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა.