სამართალი
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის მანიფესტს მოაწერა ხელი

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის მანიფესტს მოაწერა ხელი. მანიფესტში ნათქვამია, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია ოკუპანტი სახელწიფოს მიერ, ხოლო პოლიტიკის 80% ოკუპირებულია „ძლიერი ცენტრის“ მიერ და დე ფაქტო ძალადაკარგულია საქართველოს კონსტიტუცია.

“ჩვენ, ამ პოლიტიკური მანიფესტის ხელმოწერი პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ვაცნობიერებთ რა ჩვენს პოლიტიკურ პასუხიმგებლობას, მივიჩნევთ, რომ მმართველობის დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრება იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური მიზანი. ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ამ უაღესად მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად შევიმუშავებთ და მხარს დავუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობის დაკარგულ უფლებას დაუბრუნებს ხალხს და რომლებიც დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილი უნდა მოწესრიგდეს ხელისუფლების იმ ორგანოების მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან (სუბსიდიარობის პრინციპი);

ადგილობრივ თვითმმართველობას ექნება ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილის მოსაგვარებლად საკმარისი ფინანსური და ეკონომიკური რესურსი და მუნიციპალიტეტები დაბრუნდებიან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, როგორც მნიშვნელოვანი აქტორები;

თვითმმართველობის განხორციელების ადმინისტრაციული-ტერიტორიული მოდელი, საბჭოთა მოდელის ნაცვლად, დაეფუძნება ევროპულ სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას;

ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან ასარიდებლად იგი უნდა დანაწილდეს როგორც ჰორიზონტალურად – შტოებს შორის, ისე ვერტიკალურად – მმართველობის დონეებს შორის;

ქვეყნაში შეიქმნება ორდონიანი თვითმმართველობის მოდელი, რომელიც საქართველოს ისტორიულ რეგიონებს, სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტატუსს მიანიჭებს, დაუბრუნებს როლს ქვეყნის მართვის საკითხებში;

დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა არის ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეებზე, გამოწვევებზე ყველაზე ადეკვატური პასუხი რომელიც შედეგად მოგვცემს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანხმობის მიღწევის გარანტიებს”, — ნათქვამია მანიფესტში.

დეცენტრალიზაციის მანიფესტს ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა: ენმ, ევროპული საქართველო, დროა, გირჩი – მეტი თავისუფლება, ლელო, მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია.