საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოერთვა და სოლიდური ფინანსური ჯარიმა ელის. გარდა ამისა, ქართველ მკლავჭიდელებს ყველა საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ (WAF) მიიღო.
აღნიშნულის მიზეზი ქართული მხარის მხრიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარის თქმაა. პოპსპორტი კომენტარისთვის საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს დაუკავშირდა.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარებულიყო. ყველანაირი სამუშაო ჩავატარეთ. მაგრამ შეჯიბრამდე ერთი თვით ადრე, რაღაცები მოხდა და ვიღაცამ ტურნირის ჩაშლა მოინდომა…” - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი, - როგორც ყოფილი დეპუტატი, ვამბობ, რომ ძალიან კარგი იქნება, შეიქმნას საპარლამენტო კომისია და გაირკვეს მიზეზები, თუ რატომ ჩაიშალა”.
კითხვაზე, ვისი ბრალია მომხდარი, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ასე პასუხობს: “მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლა ყველას ბრალი იყო. ადამიანს არ უნდა დააბრალო ის, რაც არ გაუკეთებია და ამიტომ, ამას კომისია გაარკვევს”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმს მსოფლიოს პირველობისთვის ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე უნდა ემასპინძლა. კოვიდ-პანდემიის გამო, ტურნირი წლეულს 17-26 სექტემბრისთვის გადაიდო, თუმცა, ქვეყანამ ეს ვალდებულება მაინც ვერ შეასრულა.