რელიგია
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა გახლავთ წყარო სიხარულისა, წყარო ნუგეშისა... იგი, როგორც დედა ჩვენი, ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვმფარველობს ჩვენ“

 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვნების დასაბამი, დასაწყისი ჩვენი სულიერი გადარჩენისა. ამიტომ, ძმებო და დებო, დღეს ყველა უნდა ვხარობდეთ, რომ დაიბადა ის - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც უნდა გამხდარიყო შემდეგ და გახდა ხიდი ღმერთსა და ადამიანებს შორის. დღეს არის დაწყება იმ უფსკრულის გადალახვისა, რომელიც ღმერთსა და ადამიანებს შორის იყო დაცემის მომენტიდან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასევე უწოდებენ მაცხოვრის განკაცების კარიბჭეს.

აი, ასეთი ადამიანი დაიბადა დღეს. მისი შობა გახლავთ წყარო სიხარულისა, წყარო ნუგეშისა, იმიტომ რომ მისი სახით უფალმა მოგვმადლა ჩვენ, კაცობრიობას, ის, ვის წინაშეც მუხლს იდრეკს უამრავი ადამიანი, ვისდამი ლოცვაშიც დაღვრილა და იღვრება ცრემლის მდინარეები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როგორც დედა ჩვენი, ისმენს ჩვენს ლოცვებს, გვისრულებს მათ და გვმფარველობს ჩვენ.

განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის დიდი სიხარული, რომ ჩვენ ვართ წილხვედრნი, წიხლვედრია ჩვენი სამშობლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს და შეგახსენებთ მის მიერ წარმოთქმულ შესანიშნავ სიტყვებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ასეთ სიტყვებს ამბობს თავის თავზე: „ადიდებს სული ჩემი უფალსა. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“.

აი, აქ ჩანს მთელი მისი სიცოცხლე, მისი ცხოვრება, რომ იგი ადიდებს ღმერთს, მისი სული ადიდებს ღმერთს სიყვარულისთვის, უფლის სიბრძნისთვის, შემოქმედებისთვის, მფარველობისთვის, განგებულებისთვის, ყველაფრისთვის ადიდებს, მიუხედავად იმ ტანჯვისა, განსაცდელისა და მწუხარებისა, რაც მან დაითმინა იესო ქრისტეს ჯვარცმის ჟამს.

„და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“ - სიხარულზეც საუბრობს ღვთისმშობლი. ეს მის განწყობაზე მეტყველებს, რომ მას მუდამ აქვს ეს სიხარული, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც დედა ჩვენი, ხედავს ჩვენს უღირსებას, ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ნაკლულევანებებს და როგორც დედას, გული სტკივა, ეკუმშება დედობრივი გული, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ინარჩუნებს და ჭვრეტს ამ უმაღლეს ზეციურ სიწმინდეს, იხარებს სული მისი უფლისა მიმართ მაცხოვარების გამო, მისი ძის გამო, იმის გამო, რომ იესო ქრისტემ ნებსით ჯვარცმა დაითმინა ჩვენი ცხონებისათვის.

აი, ეს არის ძალა ღვთისმშობლისა და ის გავლენა, რის გამოც აქვს ასეთი გავლენა ჩვენს სულებზე.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია, ყოველთვის ადიდებდეს მისი სული უფალს და იხარებდეს ღვთის წინაშე ადამიანი. ამ სიხარულში არ უნდა იყოს სევდა, მოწყინება და, მით უმეტეს, სასოწარკვეთილება, მიტოვებულობისა და უბედურების შეგრძნება, იმიტომ რომ უფალს ყველა ძალიან ვუყვარვართ, უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენს მშობლებს; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვუყვარვართ და ყველას გამო შუამდგომლობს ღვთის წინაშე.

ჩვენ ხშირად გვწყურია ეს სიხარული, გვწყურია ეს სიწმინდე, ღვთაებრივი სინათლე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენივე ცოდვების, ჩვენივე უღირსების, ჩვენივე დაცემულობის გამო, ხელს ვუშლით მას, ვაბრკოლებთ, რომ ეს სიხარული და სინათლე, ღვთაებრივი ბრწყინვალება შემოვიდეს ჩვენში.

ამიტომ ამ დიდებულ დღეს მივმართოთ და ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, საქართველო; დაიფაროს ჩვენი ეკლესია განსაცდელებისგან, გააძლიეროს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ყველამ ერთად მივულოცოთ მას დღევანდელი დღე და მადლობა ვუთხრათ მისი ღვაწლისთვის. ჩვენი ოჯახები, ყოველი ჩვენგანი დაიფაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და შეგვეწიოს, რომ დავამარცხოთ ყოველი უღირსება, რაც ჩვენშია, ჩვენ ირგვლივაა, -ცოდვა, უწმინდურება თუ უღირსება, - იმისათვის, რომ წმინდა გულებით, როგორც ბრძანებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ადიდებდეს სული ჩვენი უფალსა და ვიხარებდეთ ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა, ამინ!

დღეს მინდა შეგახსენოთ, რომ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი. ყველამ ერთად გამოვხატოთ სამძიმარი ნეკრესის ეპარქიისა და მისი სამღვდელოების მიმართ, მეუფე სერგის ახლობლების მიმართ.

ვევედროთ ყვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შეიწყალოს მის სული და აცხონოს იგი. იმედია, ასეც იქნება, იმიტომ რომ მეუფე სერგი ავლენდა სწორედ ამ თვისებებს. ვინც იცნობდა მას, დამიდასტურებს ამას, რომ იგი ატარებდა ამ სიხარულსა და ღვთის დიდებას მუდამ. ღმერთმა აცხონოს ჩვენი საყვარელი სულიერი ძმის სული.

ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

21 სექტემბერი, 2021 წელი