საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებაზე ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა განაცხადა, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწიეს საგარეო, უსაფრთხოების და კანონის უზენაესობის საკითხებში.
საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ივლისში დაიწყეს. შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება უნდა იყოს, რომელშიც ასახული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი თბილისში 17-18 მაისს გაიმართა.
18 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გუნარ ვიგანდმა – ევროპის საგარეო სამსახურის (EEAS) წარმომადგენელმა, რომელიც რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს კურირებს, განაცხადა, რომ ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები „ამბიციური და რთული“ პროცესია.„ეს არის ძალიან კომპლექსური პროცესი, რომელიც ორივე მხარისაგან სერიოზულ ვალდებულებებს მოითხოვს. ეს გრძელვადიან ქორწინებას ჰგავს... ჩვენ ახლა ნიშნობის ეტაპზე ვიმყოფებით“, – განაცხადა გუნარ ვიგანდმა.
მისი თქმით, მხარეებმა „მნიშვნელოვანწილად“ მიაღწიეს შეთანხმებას იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც ასოცირებული შეთანხმებით უნდა შესრულდეს.
თუმცა ჯერ გადასაწყვეტია, დაიწყება თუ არა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, და თუ დაიწყება, როდის, რაც ასოცირებული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
„ვიმედოვნებ, რომ მოვა დრო, და არც ისე შორეულ მომავალში, როდესაც ჩვენ, ასევე, შევძლებთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას“, – განაცხადა ვიგანდმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო ქვეკომიტეტი 25 მაისს გამართავს შეხვედრას, სადაც ევროკომისია თავის შეფასებას წარადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დაასრულა საქართველომ მზადება, რათა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
კრიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირი „საკმაოდ მომთხოვნ წინაპირობებს“ აყენებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ის ნაბიჯები, რომლებიც აქამდე გადაიდგა, არა მხოლოდ იმისთვის არის, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მომლაპარაკებელთა გუნდი შესაბამისად მომზადდეს, არამედ ეს, პირველ რიგში, იმისთვის კეთდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ შესაძლებელი იქნება იმ ვალდებულებების შესრულება და კონტროლი, რომელთაც საქართველო აიღებს თავის თავზე“, – განაცხადა ვიგანდმა.
ასოცირებული შეთანხმების სხვა თემებთან დაკავშირებით ვიგანდმა განაცხადა, რომ მხარეებმა ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის 27 თავიდან 15 უკვე დახურეს და მათ შორისაა ისეთი სფეროები, როგორიცაა გარემოს დაცვა, სამრეწველო პოლიტიკა, საბანკო და საფინანსო სექტორი, მეცნიერების დარგი. თუმცა კვლავ მოლაპარაკებების საგნად რჩება ისეთი სფეროები, როგორიცაა ტრანსპორტი, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა; ჯანდაცვა, სასაზღვრო თანამშრომლობა, სახელმწიფო ფინანსების მართვა და გადასახადები.
ვიგანდის თქმით, ევროპულ ბაზარზე დაშვების საკითხებისგან განსხვავებით, სადაც ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება სავალდებულოა, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის მიმართულებებზე ევროკავშირი „არჩევით მიდგომას“ იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შეუძლია თავად შეარჩიოს, თუ რა დონეზე სურს ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა. თუმცა ეს პრინციპი თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებს არ ეხება, სადაც სტანდარტები ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის ერთნაირია.
„[ევროპული] ბაზარი ხელმისაწვდომი ვერ გახდება, თუ ევროპულ ნორმებს არ დააკმაყოფილებთ, – განაცხადა ვიგანდმა, – [ევროპულ ბაზარზე იმპორტირებული] პროდუქტი ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ტექნიკურ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს... რაც მეტად მოხდება ამ წესების ჰარმონიზაცია, მით უფრო მიმზიდველი გახდება ეს ქვეყანა ინვესტორებისთვის“.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირს დიფერენციული მიდგომა აქვს აღმოსავლეთპარტნიორობის წევრ თითოეულ სახელმწიფოსთან, რომელშიც, ხუთ სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყანასთან ერთად, საქართველოც შედის.
„ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია მათთვის, ვინც მეტს აკეთებს; ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, ვისაც უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტები აქვთ, ვინც მეტ პროგრესს მიაღწია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის კუთხით და, ზოგადად, რეფორმების კუთხით, შეუძლიათ მეტს ელოდონ“, – განაცხადა ვიგანდმა.
ვიგანდის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ღირებულებითი საკითხია, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირის ურთიერთობები მის პარტნიორებთან.
„ჩვენ შეგვიძლია უკეთესად, უფრო სწრაფად და ღრმად წავიდეთ წინ იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ამ საერთო ღირებულებებს იზიარებენ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც. სწორედ ამიტომ ვართ ასე ჩართულები საქართველოსთან დიალოგში ადამიანის უფლებებზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე და, რასაც ხაზი მინდა, გავუსვა, საარჩევნო რეფორმაზე“, – განაცხადა მან.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირს „არ აწუხებს“, თუ რა შედეგით დასრულდება ესა თუ ის არჩევნები, და რომ ევროკავშირი ვერ დაიკავებს რაიმე პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეს საქართველოს, რაც ქვეყნის საშინაო საქმეა. „მაგრამ რაზეც ჩვენ მტკიცედ ვდგავართ, არის ის, რომ ნებისმიერი საარჩევნო რეფორმის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური“, – განაცხადა მან.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს დიალოგი [მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის] მალე კონკრეტულ შედეგს გამოიღებს“, – აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა.