სამართალი
ანატოლი ბიბილოვი: საქართველო გარკვეულ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. სამი ძირითადი საკითხია გადასაწყვეტი - უსაფრთხოების, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების და სოფელ წნელისში არსებული საპოლიციო პოსტის, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციის სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, რომ სამი ახალგაზრდა მამაკაცი მართლაც ჰყავდა ქართულ პოლიციას. თუნდაც მათი ნეშტები გადმოგვცენ, რათა მათი ადამიანურად დაკრძალვა შევძლოთ და ახლობლებმა მათ საფლავზე მისვლა შეძლონ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

როგორც ეუთოს თანათავმჯდომარე ანიკა სედერმა განაცხადა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად სამუშაოები მიმდინარეობს. ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეები ტოივო კლაარი, ჩიხან სულთანოღლუ და ანიკა სედერი ამასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას გეგმავენ.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, არ სურს თანათავმჯდომარეთა სურვილის დაკნინება, მაგრამ მისი თქმით, ამის მიუხედავად, შედეგი არ ჩანს.

„მგონია, რომ საქართველო გარკვეულ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, საომარ დროში. დროა, რეალობას შეეგუოს, დაიწყოს საკითხის გადაწყვეტა და პირველ რიგში, მოაშოროს უკანონო პოსტი წნელისიდან. მზად ვართ ყველა საკითხის გადასაწყვეტად. ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ აღებულ ვალდებულებებს“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

ევროკავშირის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარმა კი განაცხადა, რომ დისკუსიის ყველა მონაწილის მხრიდან კეთილი ნების იმედი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ერთ მონაწილეს მეორეს პოზიცია ესმოდეს. მისი თქმით, შედეგი მხოლოდ ამის შემდეგ დადგება.