საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტის დაწყებამდე ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ. ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, და რაღა დაგიმალოთ, ძალიან თავს ვიკავებ, რომ თქვენთან საუბრის ნაცვლად, ამ ადამიანს ახლა რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. ადამიანი, რომელიც საუბრობს, თითქოს დმანისში პროვოკაცია ჩვენ მოვაწყვეთ, გესმით? ანუ, თურმე სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა ოპოზიციამ თავად, ამ მარაზმს უნდა დაესვას წერტილი“.
ამის შემდეგ მელია კობახიძესთან მიიჭრა და მას მიმართა: „მომისმინე, რა მაინტერესებს, ერთი, ახალგაზრდა, შენ გჯერა, რომ მართლა დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები? გჯერა? უსინდისო ხარ, 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს. უნამუსოვ, ბიძინა ივანიშვილის მონავ“. ნიკა მელიამ ტელეკომაპანია „პოსტივის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და კობახიძეს მიმართა – „გესროლო?”
საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ მელიას „ნაბიჭვარი, ნაძირალა და პროვოკატორი“ უწოდა და მიმართა: „ეს არის თქვენი სახე“.
„ასე აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო, ბინძური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მხარეებს შორის სიტყვიერი ინციდენტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ტერიტორია დატოვა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს არ უნდა მიეცეს ტყუილის ტირაჟირების შესაძლებლობა.
„ადამიანი, რომელიც ბედავს, რეჟიმი, რომელიც ბედავს, სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან შენს საარჩევნო შეხვედრაზე, ამის შემდეგ გამოდიან და საუბრობენ, თითქოს ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია, თითქოსდა ჩვენ სასიკვდილოდ დავჭერით ხანჯლებითა და დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ფიზიკურად ადამიანს რუსთავში სამი დღის წინ. ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა, მოახდინოს ტყუილის ტირაჟირება ისე, როგორც არის მიჩვეული. როგორც დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.