პოლიტიკა
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე მიმდინარე წლის 27-29 ივნისს თბილისში სამდღიანი სემინარი გაიმართება. ღონისძიება საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით ეწყობა.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციის – „გზა ნატოსკენ“, და საინფორმაციო ცენტრის ნატოს შესახებ ინიციატივით ხორციელდება. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც ექსპერტებსა და პოლიტიკოსებთან ერთად ნატოს თემატიკასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სემინარების მსვლელობისას ვიდეოხიდის მეშვეობით ბრიუსელიდან ნატოს ოფიციალური პირებიც ჩაერთვებიან.ამასთან, სემინარში მონაწილე ჟურნალისტებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ დამოწმებული სერტიფიკატები გადაეცემათ.