საზოგადოება
ADB-მა საქართველოსთვის 100 მლნ აშშ დოლარის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რომელიც ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებას მოხმარდება.

ADB-ის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ADB დახმარებას გაუწევს ინსტიტუციური რეფორმების გატარებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად. სსე და მისი შვილობილი “ენერგოტრანსი” დღესდღეობით მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული მთავრობის დაფინანსებასა და საგარეო ვალზე.

“ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომანიებისთვის”, — განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით.

როგორც “ნეტგაზეთს” აზიის განვითარების ბანკში განუცხადეს, სესხზე მოლაპარაკებები 2018 წლიდან მიმდინარეობდა და ახლა დამტკიცდა, ქართულ მხარესა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულებას კი უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სესხი ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო. ევროკავშირის მაკროეკონოკონომიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებული ასევე შეღავათიანი საბიუჯეტო სესხისგან განსხვავებით, მთავრობა ADB-ის სესხზე უარის თქმას არ აპირებს.