საზოგადოება
ლევან გაჩეჩილაძე: „ბოღმით მაქვს გული სავსე და ამ უსამართლობას არავის ვაპატიებთ!“

gachechiladze8როგორც „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „დიქტატურისთვის ფარდის ახდის ახალი ეტაპი დაიწყო, გული ბოღმით აქვს სავსე და ამ უსამართლობას პარტია არავის აპატიებს!“

პარტიის ლიდერებმა სოზარ სუბარმა, ლევან გაჩეჩილაძემ და პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიქაიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი დისკრედიტაციის მიზნით აპირებს, „ქართული პარტიის“ ზოგიერთ წევრს ნარკოტიკი ან იარაღი ჩაუდოს და ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადოს“.

მიქაიას განცხადებით, ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობენ სამეგრელოს რეგიონის პოლიციის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსნები, რომლებიც 17 მაისს, დილით, ანაკლიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.

„ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, „ქართულ პარტიაზე“ იყო საუბარი. გუშინ იგივე შემადგენლობა, ოღონდ, ამჯერად, მერაბიშვილის გარეშე, ზუგდიდში კიდევ ერთხელ შეიკრიბა და „ქართული პარტიის“ აქტიურობა და ბრძოლის გზები განიხილა. შეხვედრაზე ცნობილი ზონდერი თემურ თორია წინადადებით გამოვიდა, „ქართული პარტიის“ წევრებისთვის ნარკოტიკი ან იარაღი ჩაედოთ და როგორც კრიმინალები, დაეპატიმრებინათ. ამ წინადადებას სამეგრელოს რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსნები დაეთანხმნენ. პირველ რიგში კი, მსხვერპლად მე შემარჩიეს“, – განაცხადა მიქაიამ.

ამასთან, პარტიის ლიდერები მოითხოვენ, ხელისუფლებამ შეწყვიტოს მის წინააღმდეგ უკანონო ბინძური მეთოდებით ბრძოლა და უარი თქვას უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე.