აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ნიუ იორკს 20-25 სექტემბერს ეწვევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 სექტემბერს, გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

გაერო-ს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრი გენერალური დებატების მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება“.