უცხოეთი
მოსკოვმა და ცხინვალმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, დმიტრი მედოევმა და მოსკოვის ელჩმა რეგიონში, მარატ კულახმეტოვმა 20 სექტემბერს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

დოკუმენტი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მხარი აგვისტოში დაუჭირა, საშუალებას აძლევს ერთი მხარის მოქალაქეებს, რომ მეორე მხარის მოქალაქეობა საკუთარზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს „ოსი მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურებს.

გარდა ამისა, შეთანხმება საშუალებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების უფლებით ისარგებლონ, თავიანთი მუდმივი საცხოვრებლის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ეს უფლებები და პრივილეგიები შესთავაზონ იმ შემთხვევაშიც კი – თუ ისინი მეორე მხარის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

„რესის“ ცნობით, 5-წლიანი შეთანხმება ძალაში რატიფიცირების შემდეგ შევა და ის ავტომატურად განახლდება. შეთანხმების შეწყვეტას რომელიმე მხარის მოქალაქეობის გაუქმება არ მოჰყვება.

თბილისმა აგვისტოში შეთანხმების პროექტის დამტკიცებას „მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება“ უწოდა.

civil.ge