პოლიტიკა
კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი პარლამენტში

koreaდღეს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის  შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და კორეას, განსაკუთრებით კი, ამ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და პარტნიორული თანამშრომლობის გამყარების საკითხი.

„კორეა არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი მსოფლიოში სწრაფი ეკონომიკური განვითარების, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს რამდენიმე წელიწადში, შექმნას სამუშაო ადგილები, დაასაქმოს ადამიანები და გადაიქცეს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად. ამდენად, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა კორეის გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ. მან იმედი გამოთქვა, რომ კორეელთა ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებას სხვადასხვა სფეროში და საქართველოში  კორეული ინვესტიციების მოზიდვას.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 20 წლის წინათ დამყარდა, თუმცა პარლამენტარებს შორის შეხვედრა  დღეს პირველად შედგა. ამ შეხვედრას ორივე მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

დავით ბაქრაძის განცხადებით,  პრაქტიკულად მიღწეულია  შეთანხმება, რომ ერთ-ერთი უდიდესი კორეული კომპანია საქრთველოში ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასტუმროების მშენებლობაში სოლიდური  თანხის ინვესტირებას მოახდენს. „ეს ყველაფერი კი იმის საფუძველს ქმნის, რომ ამ გამოცდილების გაზიარებით, ინვესტორების შემოსვლით, კიდევ უფრო  მეტად განვავითარებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და, ბუნებრივია, უფრო მეტ  სამუშაო ადგილსაც შევქმნით“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოს პარლამენტის კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებსაც შეხვდა. შეხვედრაზე სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

შეხვედრაზე გაცხადდა კორეის მხარის სურვილიც საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ინ-ჯი რიის განცხადებით, საელჩოების გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანს და თანამშრომლობასაც უფრო ნაყოფიერს გახდის. მისი თქმით, კორეას შეუძლია, საქართველოს დახმარება შესთავაზოს უმაღლესი ტექნოლოგიების სფეროში და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს.

თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა ტურიზმის სფეროშიც. სტუმარმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო.  დღესვე დაგეგმილია მათი შეხვედრები დედაქალაქის მერიისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კორეელი პარლამენტარები საქართველოს  19 მაისს დატოვებენ.