საზოგადოება
ფესტივალი „მუზეუმების გაზაფხული“ დღეს იწყება

fest18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, თბილისის მერიის ორგანიზებით,  ტრადიციადქცეული ფესტივალი „მუზეუმების გაზაფხული“ იწყება, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი:

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიხსნება ახალი ექსპოზიცია „ილია ჭავჭავაძე ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ“ (18 მაისი); ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შედგება სამხატვრო აკადემიისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით (19 მაისი); მხატვარ სოსო წერეთლისა და აკადემიკოს კოტე წერეთლის მემორიალურ ბინა-მუზეუმში აკადემიკოს კოტე წერეთლის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მემორიალური დაფები გაიხსნება საცხოვრებელი სახლის ფასადზე (20 მაისი); მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ახალი ექსპოზიცია გაიხსნება – „თავისუფლების ძებნაში ვინც რაინდულად იარა“(21 მაისი); გალაკტინ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში თბილისის 190-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იქნება ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია (23 მაისი); ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ახალი ექსპოზიცია გაიხსნება – ჭაბუკიანის მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის (პეტერბურგიდან ლავროვსკის მიერ გამოგზავნილი საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მასალები) გამოფენა (25 მაისი).