სამართალი
თბილისში Feedc-ის დამფუძნებელი ნიკა კვარაცხელია მოკლეს

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია მოკლეს. მკვლელობა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, კვარაცხელიას ნაქირავებ სახლთან მოხდა. ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი ნიკა კვარაცხელიას სახლთან ელოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკა კვარაცხელია გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდის”, გია კვარაცხელიას შვილია. თუმცა მის “შავ სამყაროსთან” კავშირს ოჯახის ახლობლები და გარდაცვლილის ნაცნობები კატეგორიულად უარყოფენ.

ახალგაზრდა ტექნოლოგიების სპეციალისტმა საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შექმნა. Feedc აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, შესაძლებელია არხების ყურება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ. ნიკა კვარაცხელია ამ პროექტით Forbes-ის 30 წლამდელთა სიაშიც მოხვდა.

როგორც გამოცემა bm.ge წერს, Feedc-ი უკვე 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, ის ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან (მათ შორის Facebook, Google) მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.

“ფერმერთა ასოციაციის” პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებთქო დღეს დილით გავიგე რომ ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს.

სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც:

“მოკლული 20 წლის ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა – Facebook-ის ქართულ ანალოგს ჰქმნიდა – Feedc.com-ს. ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მასე მერე ხშირად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა.საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკლეს. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ.”

Jam-news