სამართალი
"ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის მდივანი: არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი თავად გადავარდა

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და იგი კიბის მოაჯირიდან გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა.

,,ტელეკომპანია ,,მთავარის“ გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი კიბიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“, - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ილია ქელეხსაშვილმა.

ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორი, რომელიც არხის ინფორმაციით, ქარელში "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს, ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კლინიკის ექიმის, სოსო ჩიბირაშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს მენჯ-ბარძაყის დაჟეჟილობა აღენიშნება.

,,პირველადი დათვალიერებით, იკვეთება მენჯ-ბარძაყის სახსრის ტრავმა და მარცხენა იდაყვის არეში ეკსკორაცია. ამჟამად უტარდება კვლევები - ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევა, შესაბამისად, ზუსტი პასუხი გვექნება კვლევების დასრულების შემდგომ, თუმცა, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პირველადი დათვალიერებით არ იკვეთება მოტეხილობა, დაჟეჟილობის სურათია“, - განაცხადა ჩიბირაშვილმა.