საზოგადოება
ირაკლი კობახიძე კრიტიკულად განწყობილ ტელეწამყვანებს „გარყვნილებს“ უწოდებს

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს ტელეკოპანია „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას, ასევე ტვ „პირველის“ წამყვანებს ნოდარ მელაძეს, დიანა ტრაპაიძეს და ინგა გრიგოლიას „გარყვნილები“ უწოდა, რომლებიც „ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-საეკლესიო მიზნებით არიან განმსჭვალულნი“.

კობახიძის თქმით, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხები ქმნიან განცდას, რომ „თითქოს ტარდება უკანონო მოსმენები ჩვენს ქვეყანაში და ამ ფონზე მათ უნდა გაევრცელებინათ ფარული ჩანაწერები“.

მან ეს კომენტარი გვარამიას და ტრაპაიძის საპასუხოდ გააკეთა, რომელთაც მანამდე უარყვეს ქართული ოცნების დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოსდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხები ცდილობენ „ფონი შეამზადონ“ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების, ან მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის.

ნიკა გვარამიამ მდინარაძის ბრალდებას „ბოდვა“ უწოდა, ხოლო ტრაპაიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ამზადებს ალიბის პირადი ცხოვრების კადრების გამოსაქვეყნებლად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მიყურადების დეტალების ამსახველი, დაახლოებით, 3 000 დოკუმენტი მედიისთვის ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავდა ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, მათ შორის კომპრომატებს პედოფილიის, წასრული კრიმინალური საქმიანობის, უცხოელ აგენტებთან საუბრების, ნარკოდამოკიდებულების შესახებ.

გარდა ამისა, დოკუმენტები ასახავდა ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების საუბრებს. რამდენიმე ჟურნალისტმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ ფაილებში მათი საუბრებიც იყო შეტანილი.

ფარულ ჩანაწერებში ცალკე თავი ეხებოდა ლგბტ უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, ასევე დეტალებს სამოქალაქო აქტივისტების, პლატფორმების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შესახებ.

საქართველოს პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე, თუმცა ზოგიერთებმა, მათ შორის სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს.