პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების, თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების, თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას.

„გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის შესახებ, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მისი კუთვნილი ტელეკომპანიები საქართველოში უკვე წლებია, აწარმოებენ. ამ კამპანიის მორიგი გამოხატულება იყო ის გარყვნილება, რომელიც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ და ეს ახლაც გრძელდება. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონლური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების, თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, ხოლო ბოლშევიკური აზროვნების მქონე ადამიანებს, შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება, კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან. ამასთან, დარწმუნებული ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოებრივი მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამზრახველები გახდებიან. მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად“, – განაცხადა მდინარაძემ.