პუბლიკაციები
„ვაგროვებთ კომპრომატებს“ - გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს

 საქართველოში სუს-იდან საიდუმლო ფაილებმა გაჟონა, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს და უთვალთვალებს სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.

როგორც აღმოჩნდა, სუს-ი აკონტროლებს სასულიერო პირების გადაადგილებას, საბანკო გადარიცხვებს და პირად ცხოვრებას. ათასობით ფაილში ასევე არის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, ვისი საშუალებითაც ესა თუ ის სასულიერო პირი უნდა გადაებირებინათ. დოკუმენტებში ინფორმაცია გვხვდება იმ მღვდლებზე, ვინც ნარკოდამოკიდებულია ან კრიმინალებთან მეგობრობს.

ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს”.

მასალების ავთენტიკურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

ფაილებს ღია წყაროებში, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, რომელიც წერს:

“ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის”.

არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს – სათაური კეთილშობილია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური… სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ!

ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის.

ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში – ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!

ჩვენ გვჭირდება ეს სიბილწე, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ. გამოვიყენოთ ადამიანების რწმენა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურში იყოს ყველაფერი.

აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!

მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე საიდუმლო ფაილების გავრცელებაზე ამბობს, რომ ცუდია, თუ უკანონო მოსმენები სიმართლეა.

“ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება”, – წერს ჯაღმაიძე.

სასულიერო პირების პირადი ცხოვრება

მედიაში გავრცელდა ფაილი, სადაც კონკრეტულ სასულიერო და სამოქალაქო პირებს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ და აღწერენ მათ კავშირებს. კონკრეტული ფაილი კი, სადაც ეს დეტალებია აღწერილი, შემდეგნაირადაა დასათაურებული – “მრუშები” – მასში 80-მდე კონკრეტულ პირზეა ინფორმაცია.

ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელმაც, პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ფაილებში მოყვანილ ინფორმაციის დიდი ნაწილი არ გაასაჯაროვა, საუბრობს ერთ კონკრეტულ ფაილზე, სადაც პერსონალურ მონაცემებთან და მღვდლებისა და მონაზვნების ინტიმურ კავშირებთან ერთად, საუბარია პედოფილიის ფაქტებზეც, ასევე ინცესტის შემთხვევაზე.

აღნიშნულ მასალაში საუბარია ერთ-ერთ მაღალიერარქზე, რომელზეც ვკითხულობთ, რომ “შემჩნეულია პედოფილიაში” და მას “გარყვნილი შინაარსის სატელეფონო მიმოწერის გახმაურების გამო შეექმნა პრობლემები”. ასევე, “შეინიშნებოდა ინტიმური კავშირის დამყარების სურვილი არასრულწლოვანთან”. ამ კონკრეტული სასულიერო პირის მიმართ მსგავსი შინაარსის ბრალდებები წარსულში მედიაშიც არაერთხელ გაშუქებულა.

სუს-იდან გამოჟონილ ერთ-ერთ ფაილში საუბარია მართლმადიდებლური სკოლის მღვდელზეც. მასზე წერია, რომ ის შემჩნეულია არასრულწლოვან გოგოებთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში. მასალაში დასახელებულია ბავშვების ვინაობა და პერსონალური მონაცემებიც.

ფაილებში აღწერილია, თუ როგორ ცდილობს ესა თუ ის სასულიერო პირი ინტიმური კავშირი დაამყაროს მონაზონთან, თუმცა “იღუმენია თავს იკავებს”.

ასევე, ფაილებში საუბარია იმაზეც, როგორ “გააკეთებინა აბორტი” მღვდელმა სამოქალაქო პირს, რასაც სუსი შემდეგნაირად აღწერს: “ირიბად სჩანს, რომ მისგან ორსულად იყო”.

საპატრიარქოს შესახებ გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, რომ სასულიერო პირებს სუს-ის II სამმართველოს III სამსახური აყურადებდა.

სამსახურის უფროსი აკაკი ნემსაძეა, უფროსის მოადგილე – არჩილ ჩაგანავა.

ეკლესიის წევრების კავშირი რუსეთთან

სუს-ის მიერ მომზადებულ საიდუმლო ანგარიშებში საუბარია საპატრიარქოს წარმომადგენლების შესაძლო რუსულ კავშირებზეც. ასევე, საუბარია სასულიერო პირების კანონიერ ან უკანონო ბიზნესებზე რუსეთში.

დოკუმენტებში ნახსენებია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, თუმცა, წერია ის ინფორმაცია, რაც მედიისთვის ისედაც ცნობილია:

1956-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემია-სემინარიაში. 1957 წელს საქართველოში ეკურთხა ბერად. 1959 წელს რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ აკურთხა მღვდელმონაზვნად. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში თანამშრომლობდა სუკ-თან ფსევდონიმით “ივერიელი”.

ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ 90-იან წლებში იგეგმებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დათხოვნა საპატრიარქოდან, თუმცა რუსეთის საპატრიარქოს თხოვნით დატოვებულ იქნა თანამდებობაზე. თეთრუაშვილი აკონტროლებს ყველა მიმდინარე პროცესს საპატრიარქოში, გაურბის კომუნიკაციის ყველანაირ საშუალებას. არ ფლობს მობილურ და ქსელის ტელეფონს.

მისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან: მიტროპოლიტები თეოდორე ჭუაძე და ანანია ჯაფარიძე, აკადემიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, ასევე, გიორგი ანდრიაძე, რეზო შარაბიძე, ცისანა შარტავა.

სუს-ის ცნობით, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები შორენა თეთრუაშვილის უშუალო კავშირის შესახებ რუსეთის ეკლესიასთან, მაგრამ მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები აქტიურად თანამშრომლობენ რუსეთის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებთან.

ასევე, თეთრუაშვილი აგროვებს საპატრიარქოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების პატრიარქთან შეხვედრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს და რუსეთში აგზავნის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზ ბიძინა გუნიას მეშვეობით.

სუს-ის ჩანაწერებში საუბარია ეპისკოპოს ვახტანგ ლიპარტელიანზეც.

როგორც ირკვევა, 2014 წელს, ეპისკოპოსი გამოვიდა ინიციატივით, რომ სასულიერო პირებს შეექმნათ ჯგუფი, რომელიც ფარულად იმუშავებდა ე.წ. დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ, ამ მიზნების განხორციელებაში კი მას შორენა თეთრუაშვილი უნდა დახმარებოდა.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ვახტანგ ლიპარტელიანი თანამშრომლობს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან. ის 2015 წელს ეკურთხა ეპისკოპოსად და მოღვაწეობას შეუდგა რაჭის ეპარქიაში.

ფაილებში გვხვდება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლ ბერბიჭაშვილის სახელი და გვარი.

ინფორმაციის მიხედვით, ბერბიჭაშვილი არის ოთხჯერ ნასამართლევი, სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციაში მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასთან ერთად. ფაილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ის ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ შესაძლებელია ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთანაც.

სუს-ის ​დოკუმენტებით, მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას ამჟამად რუსეთში ჰყავს ბიზნეს პარტნიორები, მოსკოვში აქვს ბიზნესი – მაღაზიები, რესტორნები, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი “საყვარელი.”

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შესახებ ფაილებში შეკრებილია ინფორმაცია მისი პირადი ცხოვრების შესახებ და ასევე, ნათქვამია, რომ ის ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ შესაძლებელია ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

სუს-ის განმარტებით, ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა. დოკუმენტებში წერია, რომ მეუფე ნიკოლოზი მის მეგობარს, რუსეთის მოქალაქეს, ინფორმაციას 2013 წლიდან აწვდიდა.

ჩანაწერების მიხედვით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, დიმიტრი შიოლაშვილს მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და სწორედ ის იყო ინიციატორი პატრიარქის და დონეცკის ერთ-ერთი ეპისკოპოსის საუბრის, რამაც საზოგადოებაში საპატრიარქოს კრიტიკა გამოიწვია.

სუს-ის ოპერატიული ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინის ქართულ ეკლესიებში მღვდლებად ინიშნებიან მხოლოდ მისი გავლენის ქვეშ მყოფი სასულიერო პირები.

ფაილში წერია, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონ (გოჩა) აბულაძე და რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი მიეკუთვნებიან იმ სასულიერო პირთა წრეს, რომლებიც მართლმადიდებლური სამყაროს “გადარჩენაში” აღიარებენ რუსეთის უპირატეს როლს.

დოკუმენტების მიხედვით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე 1993-94 წლებში ოჯახის წევრების მიერ ეჭვმიტანილი იყო მოსკოვში ცოლისძმის გატაცების ორგანიზებაში. ასევე, მან ბერძნულ-ბიზანტიურ საპატრიარქოებსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის დაპირისპირებაში დაიკავა რუსეთის მხარე.

სუს-ი წერს, რომ სტეფანწმინდა-ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოს იაგუდიელი ტაბატაძეს 2000-2002 წლებში ჩრდილოეთ ოსეთში კავშირი ჰქონდა ნარკობიზნესით დაკავებულ პირებთან.

დეკანოზი გიორგი ხარაზაშვილი, ფსევდონიმები – დანიელი, ჟოსეფინა – სუსის ცნობებით, მას სისტემატური კონტაქტი აქვს რუსული ორგანიზაცია “მართლმადიდებელ ხალხთა საერთაშორისო ფონდის” ხელმძღვანელებთან. აწვდის საპატრიარქოს კულუარულ ინფორმაციებს. 80-იან წლებში ცნობილ დიზაინერ ივ სენ ლორანთან დაახლოებისთვის რუსეთის სუკ-ის მიერ შემუშავებულ ლეგენდას დღესაც იყენებს ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლის წარმოსაჩენად.

სუს-ის ფაილებში ნახსენებია საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა “დავითიანნიც”, მისი ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანაძე და მოადგილე გიორგი მიქანაძე.

ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს “აპოლოგეტური ცენტრის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში რუსეთში, რომელსაც დეკანოზი ლევან მათეშვილიც ესწრება. აქვთ ინტერესი მიიღონ დაფინანსება რუსეთიდან აპოლოგეტურ ცენტრში პროექტების განხორციელებისთვის საქართველოში.

სუს-ის ჩანაწერებით, არქიმანდრიტ პიმენ ქარდავას სისტემატური კონტაქტები აქვს აფხაზეთში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან, რომლებიც უკავშირდებიან პერიოდულად და ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე მოუწოდებენ დროულად შეხვედრისაკენ.

სხვა ფაილში, რომელიც პატრიარქის არჩევას ეხება, ვკითხულობთ პატრიარქის მოსაყდრის, შიო მუჯირის შესახებაც.

“სასულიერო პირთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნიათ, რომ პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ეკლესიიდან და პოლიტიკური ელიტიდან წამოსული ზეწოლის გათვალისწინებით, ასევე საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

სასულიერო წრეებში ამ გადაწყვეტილებაში ასევე ხედავენ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინტერესებსაც. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს უკანასკნელნი ბავშვობის ასაკიდან მეგობრობენ, ხოლო ქორეპისკოპოსი ყველა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხს ათანხმებს ლ. ვასაძესთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ბიზნესმენს აქვს ინტერესი შ. მუჯირის გაპატრიარქების, რაშიც იგი საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ხედავს”. – წერია სუს-ის დოკუმენტებში.

“მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე” – ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სასულიერო პირებთან საუბარს ადასტურებენ

სუს-დან გაჟონილ საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა.

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ მას ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მთვრალი ურეკავდა და საპატრიარქოს შიდა ამბებს უყვებოდა. ასევე ეუბნებოდა, რომ შიო მუჯირი რუსეთის კაცია. კვესიტაძის თქმით, ეს საუბრებიც გამოყენებულია სუს-ის ფაილებში.

სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამაც. მისი თქმით, “ყველაზე ამაზრზენი” დეკანოზ მამალაძესთან სატელეფონო საუბრის კრებსია.

“მღვდლები და სინოდი იქეთ იყოს და ლამის ყველა ჩვენი ჟურნალისტის მიმოწერაა მასალებში”, – ამბობს გვარამია.

საუბრები დაადასტურა პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემაც. მისი განმარტებით, ეს საუბარი მას ჰქონდა დაახლოებით 2018 ან 2019 წლის დასაწყისში:

“მეუფე თეოდორეს დიდ პატივს ვცემ და ვიცოდი, რომ ის ხვდებოდა აბასთუმანში ბატონ ივანიშვილს და მე მას ვთხოვე, რომ გადაეცა გზავნილი, რომ შეეჩერებინა მისი აგრესია ამხელა კომპანიებისა და ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. იგივე მე მოვუწოდე საჯაროდაც”.

სახალხო დამცველი: არ არსებობს სუს-ზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავდა მოქალაქეებს და არ მისცემდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უკანონოდ ჩარეულიყო პირად ცხოვრებაში.

„ის ფაქტი, რომ სუს-ს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ესაა ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული დღევანდელი მოსმენების მექანიზმი. მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება”, – აცხადებს ლომჯარია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: შეისწავლეთ ფარული მიყურადების ყველა საეჭვო შემთხვევა

სპეციალური განცხადება გაავრცელა და საგამოძიებო ორგანოს მოქმედებისკენ მოუწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც.

ინსპექტორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროებამ სისტემური ხასიათი მიიღო.

“პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მანიპულირების ყველა ფორმა საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას, ადამიანებში აჩენს პირადი სივრცის დაუცველობის განცდას, ხელყოფს ადამიანის ღირსებას, უზღუდავს მას ქცევას და დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამასთან, ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლების რეაქცია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას.

“ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ეს მეტყველებს რაზე, იცით? კონკრეტული “ღირებულებები” აქვს კონკრეტულ ტელევიზიებს, იგივე მაგალითად, როდესაც ვრცელდება გადაცემა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი ძმა მეორე ძმაზე რაღაცას საუბრობს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი ტელევიზიის მენეჯმენტი არის გაზრდილი პავლიკა მაროზოვის ღირებულებებზე, ეს არის თქვენი ტელევიზიის სახე”, – აცხადებს კობახიძე.

მმართველი პარტიის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომზადებულ მასალებსა და მათ გავრცელებას “მოდელირებულ ქრონიკას” ადარებს.

მისი თქმით, ეს მასალები ფაბრიკაციაა და მას ნაციონალური მოძრაობა იყენებს “აჟიოტაჟის ასატეხად”.

წყარო: jam-news.net