საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინელი მოსამართლე, რომელსაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადიციის საქმე უნდა განეხილა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მასმედია იუწყება.
ქარდავას დაკავების შესახებ ცნობილი 2017 წლის ნოემბერში გახდა. მაშინ დაიწყო მისი საქართველოში ექსტრადიციის საქმის განხილვაც.
ქარდავამ საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. ძებნა მასზე 2013 წელს გამოცხადდა. სამშობლოში მას ბრალად მთელი რიგი დანაშაულები ედება, მათ შორისაა წამება, სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და ა.შ.
11 სექტემბერს თავად მეგის ქარდავამ საკუთარი Facebook-გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადაწყდა მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი – როგორც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, და რომ მას არაფორმალურად გაცვლიან საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებში.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიტალი პისანეცის ცხედარი კიევის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, იმ სახლში იპოვეს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა.
მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. უკრაინული პრესა არ გამორიცხავს, რომ ეს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მუხლით.
მოსამართლე პისანეცს 13 სექტემბერს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საქმეზე პროცესი უნდა გაემართა.
საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს, რომლებშიც ის ფიგურირებს. მას რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში კი პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.