საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში ხუთსართულიანი ავარიული სახლების, ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლების ნაცვლად ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება, ამის შესახებ ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა დედაქალაქის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ზოგიერთ სახლს ავარიულობის ისეთი მაღალი ხარისხი აქვს, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.
როგორც ქალაქის თავმა აღნიშნა, მერია ასეთი სახლების გამაგრებაზე უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მობინადრეებისთვის სახლების ქირაობა და ქირის საფასურის გადახდა უწევდა.
„ხრუშოვკის“ ტიპის სახლების დანგრევის იდეით მერიამ თავდაპირველად ინვესტორებს მიმართა. მაგრამ სამშენებლო კომპანიებმა ხუთსართულიანი სახლების ნაცვლად „ცათამბჯენების“ აშენება მოინდომეს, რაც ქალაქის იერსახეს დაამახინჯებდა.
„ხუთსართულიანი ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი ითხოვს 16-17 სართულიანი შენობის აშენებას. მათიც მესმის, რადგან ბიზნესს სხვა ინტერესი აქვს. თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალაქში 10 ათასამდე ცათამბჯენი გაჩნდეს. ეს საერთოდ გაანადგურებდა თბილისს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამას მერია განახორციელებს და გარანტორიც თავად იქნება. საბოლოოდ, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ავარიული „ხრუშოვკების“ თანამედროვე სახლებით ეტაპობრივი ჩანაცვლების იდეა კალაძემ მოსახლეობას ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში, თავისი პირველი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააცნო.
ძველი ხუთსართულიანი სახლების დანგრევის საჭიროება კალაძემ ახსნა იმით, რომ მათი ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოიწურა. 1960-იან წლებში აშენებული სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წლით მოიაზრებოდა.
„ხრუშოვკების“ კიდევ ერთი პრობლემა - ბინების მცირე ფართობი და დაბალი ჭერია.