საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს „სწორი კონსულტანტები სჭირდებათ“, რადგანაც „ბუნებრივია, ელჩები თავად ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის 7 სექტემბრის ეს განცხადება რუსთავი 2-ზე ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების განცხადებებს მოჰყვა, რომლებმაც ქართული ოცნება გენერალური პროკურორის კვალიფიციური 3/5-იანი უმრავლესობით არჩევის წესის შემოღებაზე დაპირების უკან წაღების გამო გააკრიტიკეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, საელჩოების განცხადებები „ძალიან დასანანია“ სხვადასხვა მიზეზის გამო. ისეთი „სამართლებრივი ნონსენსი“, როგორიც შემოთავაზებული ნორმა იყო, შესაბამის შეფასებას იმსახურებს ყველას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, თქვა მან.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს“, — განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ შემოთავაზებული ცვლილება სინამდვილეში არსებულ ნორმას გააუარესებდა. მმართველი პარტიის აზრით, კვალიფიციური უმრავლესობის მიუღწევლობის შემთხვევაში, რამდენიმე თვით არჩეული პროკურორი პოლიტიკურად მოწყვლადი გახდებოდა.
„ბუნებრივია, ელჩები თავად ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს, მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს სწორი კონსულტაცია არ გაეწიათ“, — დაასკვნა ირაკლი კობახიძემ.