საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: „ხელისუფლებას ეშინია, რადგან ძალა ხალხშია!“

burjan„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, „კრება“ იბრძოლებს ბოლომდე, რათა ხელისუფლება წავიდეს და ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“.

„შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სახალხო კრების“ მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები იქნება უიარაღო და მშვიდობიანი, თუმცა ბევრი ასეთი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ. დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროვოკაციების შესახებ, რომელთაც ხელისუფლება გეგმავს, ასევე, ვესაუბრეთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს აქტივისტებს ექმნებათ, ეს არის პლაკატების გაკვრის პროცესი, სხვადასხვა მასალის დარიგება აქციებთან დაკავშირებით. მათ, ასევე, ვუჩვენეთ კადრები რუსთავში მომხდარი პროვოკაციის შესახებ და მივაწოდეთ ინფორმაცია „კრების“ მანქანის მოპარვასთან დაკავშირებით, რომელზეც აქციისთვის სცენა უნდა განთავსებულიყო... მე მესმის, ხელისუფლებას ეშინია, იმიტომ, რომ ძალა ხალხშია!“ – აღნიშნა ბურჯანაძემ.

დიპლომატებთან გამართულ შეხვედრას „კრების“ აღმასრულებელი საბჭოდან ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ბათიაშვილი, გია ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ.