პოლიტიკა
08.08.08. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. 7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დამნაშავედ ცნო 5 მილიონ ევროზე მეტი თანხის გაფლანგვაში. კეზერაშვილს სასჯელის სახით დაუსწრებლად ათწლიანი პატიმრობა განესაზღვრა, თუმცა ამნისტიის გამო სასჯელი განახევრდება.

ინფორმაცია კეზერაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა დაადასტურა.

უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის – შალვა თადუმაძის, ლევან თევზაძისა და მერაბ გაბინაშვილის – კოლეგიის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, 2017 წლის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს ცვლის. იმ პერიოდში შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორი იყო.

კეზერაშვილმა, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის, „ფორმულას“ წილების 51%-ს ფლობს, გადაწყვეტილებას “სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგების” კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა.

მანვე განაცხადა, რომ „სამარცხვინო“ გადაწყვეტილებას სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესის უშუალო ორგანიზებაში დაადანაშაულა. „სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას“, აღნიშნა მან.

კეზერაშვილი 2004-2006 წლებში ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, შემდეგ კი 2008 წლამდე თავდაცვის მინისტრად მსახურობდა, სანამ ბიზნესში გადაინაცვლებდა. 2012 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ მის წინააღმდეგ რამდენიმე სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის ორში იგი დაუსწრებლად გამართლდა. 2014 წელს საფრანგეთის, ხოლო 2016 წელს ლონდონის სასამართლოებმა მის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადეს.