საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, 15 წინააღმდეგ წავიდა.
კენჭისყრის პროცედურის წინ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი შეთანხმებას ანულირების შემდეგ მოაწერა ხელი და კენჭისყრის შედეგად გამოჩნდება, ასრულებს თუ არა ანულირებულ დოკუმენტს.
„ამნისტიის შესახებ“ პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. ამასთან, პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.