მკვლელობაში ბრალდებული შვიდი ქართველიდან სასამართლო დარბაზიდან ხუთი გაათავისუფლეს
როგორც ცნობილია, ორი დღის წინათ თურქეთის ქალაქ რიზეში თურქ ცოლ-ქმარზე თავდასხმა მოხდა. მოხუცები ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ოჯახის უფროსი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე 7 ქართველი დააკავეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი ქალაქ არდაშენის სასამართლოში ორ საათს გაგრძელდა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ხუთ დაკავებულს ქალაქ რიზეში მომხდარ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ ქართველს – როსტომ სილაგაძესა და ზვიად სანოძეს, მათ ქურდობისა და მკვლელობის მუხლებით გაასამართლებენ. ისინი ამ დროისთვის რიზეს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. გუშინდელ პროცესზე მათი ჩვენების საფუძველზე გამოძიებამ ძებნა კიდევ ორ ადამიანზე გამოაცხადა. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია მეტსახელები – „კიტაეცი“ და „მაჰმუდა“. როსტომ სილაგაძისა და ზვიად სანოძის განცხადებით, მოხუცი ცოლ-ქმრის ძარცვა მათ სწორედ ამ ორ პირთან ერთად დაგეგმეს.