პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს წარმოდგენილია თავიდან ბოლომდე ჩვენი კეთილი პოლიტიკური ნებით

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. სადაც ჩვენი მხრიდან იყო დადებული კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმება, ჩვენ სიტყვას ყოველთვის ვასრულებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.

„მინდა, შეგახსენოთ, სადაც იყო ჩვენი მხრიდან ხელმოწერილი კონკრეტული შეთანხმება და სადაც მხარეები იქცეოდნენ კეთილსინდისიერად, ყველა შეთანხმება არის პირნათლად, თავიდან ბოლომდე შესრულებული. ასეთი იყო 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ჩვენი მხრიდან პირნათლად შესრულდა. მისი თითოეული პუნქტი არის პირნათლად შესრულებული. სადაც ჩვენი მხრიდან იყო დადებული კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმება, ჩვენ სიტყვას ყოველთვის ვასრულებდით.

რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, აქ მოგეხსენებათ, სხვაგვარად იყო საქმე. კერძოდ, რვა პარტიიდან, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი, ოთხი არ შეუერთდა ამ დოკუმენტს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი არ შეუერთდა ამ დოკუმენტს. ამის შემდეგ, ჩვენ სრულიად სამართლიანად და უალტერნატივოდ გამოვაცხადეთ ეს დოკუმენტი ანულირებულად. აქედან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არ არსებობს არავითარი პოლიტიკური შეთანხმება. 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, შესაბამისად, ის ცვლილებები, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი თქვენ წინაშე, ხორციელდება თავიდან ბოლომდე ჩვენი კეთილი პოლიტიკური ნებით.

ეს არის ის, რაც უნდა გახსოვდეთ პირველი მოსმენის დროს, მეორე მოსმენის დროს, ასევე მესამე მოსმენის დროს და კარგად დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არათუ არასდროს არ გვითქვამს უარი რომელიმე ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, პირიქით, არ არის შეთანხმება და იმასაც კი პრაქტიკულად მივყვებით, გამომდინარე იქედან, რომ თავის დროზე მოხდა მისი ინიცირება, გვქონდა ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით. ბრიფინგი ჩავატარეთ, სადაც ვთქვით, რომ მიუხედავად ანულირებისა გაგრძელდებოდა იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი თქვენს წინაშე. ანულირების პირობებშიც კი, ჩვენ ზეპირი პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით და თავიდან ბოლომდე მივყვებით ამ პოლიტიკურ განცხადებას. ეს კანონპროექტი ბოლომდე იქნება განხილული პირველი, მეორე, მესამე მოსმენით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი ორ პროცენტამდე მცირდება. პროექტით, გენერალური პროკურორის არჩევა უნდა მოხდეს სამ ეტაპად. პირველ და მეორე შემთხვევაში 90-90 ხმით, მესამე შემთხვევში კი, მას 76 დეპუტატი ირჩევს. ამასთან, ფრაქციის შექმნის წესი იცვლება და შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.