უცხოეთი
ჯო ბაიდენმა უპასუხა კითხვას „თალიბანის“ აღიარების შესახებ

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს პერსპექტივაში არ აპირებს აღიაროს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის ახალ ხელისუფლებად. ამის შესახებ ჟურნალისტებს უილმინგტონიდან (დელავერის შტატი) დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განუცხადა.

თეთრი სახლის მოლზე შეკრებილმა რეპორტიორებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებს თუ არა აშშ, აღიაროს თალიბების ხელისუფლება ავღანეთში.

„არა. იქამდე ჯერ ძალიან შორია“, — უპასუხა პრეზიდენტმა.

როგორც გასულ კვირაში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაციას არ მიაჩნია, რომ ავღანეთის ახალ ხელისუფლებად „თალიბანის“ ცნობის საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ თავად „თალიბანს“ ჯერ არ გამოუცხადებია ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა. თუმცა, როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა აჰმადულა მუთაქიმ დაწერა გუშინ საკუთარ Twitter-გვერდზე, „თალიბანმა“ დაასრულა ამაზე მუშაობა და ისლამური მთავრობა უახლოეს დროში გამოცხადდება.

sputnik-georgia.com