უცხოეთი
ავღანეთი შარიათის კანონებით იცხოვრებს – „თალიბანი“ განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. მოძრაობა „თალიბანის“ ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ განაცხადა, რომ ავღანეთში შარიათის კანონები იმოქმედებს.

მისი თქმით, მომავალში ავღანეთის მმართველობისა და ცხოვრების ყველა საკითხი წმინდა შარიათის კანონებით დარეგულირდება.

„ჩვენ გვსურს ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც პატივისცემასა და თანამშრომლობაზე იქნება დამყარებული. ჩვენი ურთიერთობები ამ ქვეყნებთან დაფუძნებული იქნება ავღანეთის ინტერესებსა და სარგებელზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო კანონსა და შეთანხმებას, რეზოლუციასა და ვალდებულებას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ისლამის კანონებსა და ეროვნულ ფასეულობებს“, — ნათქვამია ახუნდზადის განცხადებაში.

„თალიბანის“ ლიდერის განმარტებით, ისლამური საამირო (თალიბების პოლიტიკური სისტემის თვითშერქმეული სახელი — რედ.) სერიოზულ და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს ადამიანის, უმცირესობებისა და შეჭირვებული ჯგუფების უფლებების დაცვის კუთხით „ისლამის წმინდა რელიგიის მოთხოვნათა ფარგლებში“.

ცოტა ხნის წინ „თალიბანმა“ ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას „თალიბანის“ ლიდერის მოადგილე მოჰამედ ჰასან ახუნდი შეასრულებს.

sputnik-georgia.com