პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ, რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის საბაბიც კი არ დაუტოვეს არავის.

„რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს და რისკებს, თავის დროზე, გახსოვთ, 8 მარტის შეთანხმებაში იყო ასახული ეს პუნქტი, რომელიც უკავშირდებოდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იგივე სისტემით 2024 წლამდე. ასეთ შემთხვევაში, უნდა არჩეულიყო პარლამენტი 2024 წლის ჩათვლით, რაც შემდეგ აისახა კონსტიტუციურ დოკუმენტში და შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა 19 აპრილის შეთანხმებაში.

დოკუმენტი ანულირებულია, თუმცა ერთი რამ მინდა, გითხრათ. ამ ოქმმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა. დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ გვაქვს ყველანაირი რესურსი, საშუალება, რომ საერთოდ საბაბიც კი არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ არჩევნების შედეგზე. ჩვენ ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. ეს ერთი. მეორე – სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში. მესამე – ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.

თავის დროზე, იყო ეს აქტუალური, თუმცა დღეს, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. 2024 წლისთვის მოემზადეთ კარგად. იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მიმართა, რომ პოლიტიკური უკულტურობაა, როდესაც ეუთო-ოდირი აღიარებს არჩევნების შედეგებს და ისინი ქუჩაში დარჩნენ.

„საუბარი იყო, თითქოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარებულიყო იმ სისტემით, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი, ჩვენ არ გვექნებოდა უმრავლესობა. მინდა, გითხრათ, რომ არათუ ორ-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, ნულოვანი ბარიერის პირობებშიც რომ ჩატარებულიყო, პროპორციული არჩევნები იმ შედეგით, რაც მივიღეთ, გვექნებოდა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. ამიტომ აქ ფაქტობრივი შეცდომა გაგვეპარა, ასე რომ ვთქვათ, ბუნებრივია, ოპოზიციას მივმართავ ამ შემთხვევაში. ასევე, პოლიტიკურ კულტურაზე იყო მინიშნება. ერთი რამ მინდა, გითხრათ – როდესაც საუბრობთ პოლიტიკურ კულტურაზე, მინდა, შეგახსენოთ ის საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებდით ექვსი თვის განმავლობაში. თუ რაიმე არის პოლიტიკური უკულტურობა, ეს არის ის, როდესაც ეუთო-ოდირი აღიარებს არჩევნების შედეგებს და თქვენ რჩებით ქუჩაში. ეს იყო უკულტურობის უმაღლესი გამოხატულება თქვენი მხრიდან. აქედან გამომდინარე, როცა საუბარია პოლიტიკურ კულტურაზე, საკუთარ გულებში მინდა ჩაიხედოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.