საზოგადოება
„საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“ მანიფესტს ავრცელებს

winaagmdegobis-mozraobaსაქინფორმი მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური ძალადობის, კრიმინალური ქმედებებისა და არჩევნების გაყალბების გზით, საქართველოში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ავანტიურისტთა ჯგუფმა, რომელმაც ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა. ეს კრიმინალური დე ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად იბრძვის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ქართველ ხალხს არ უტოვებს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობას. ამ რეჟიმმა უხეშად ხელყო ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი, მთელი ქვეყანა აქცია ციხედ, გამუდმებით ატერორებს მოსახლეობას და ადამიანებს სიცოცხლის უფლებას ართმევს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში მძვინვარებს პოლიტიკური და ეკონომიკური ტერორი, რომელსაც ახასიათებს განსაკუთრებული სისასტიკე და კაცთმოძულეობა, მუდმივად მიმდინარეობს სოციალური გენოციდი, საფრთხე ექმნება ქართული სახელმწიფოებრიობისა და თვით ქართველი ერის არსებობას. ერისთვის ამ უმძიმეს ვითარებაში ყოველმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, ჩაებას თავგანწირულ ბრძოლაში სამშობლოს გადასარჩენად. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სათავეში მყოფი დამნაშავე რეჟიმი საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ტერორს ახორციელებს მის ხელთ არსებული ყველა რესურსისა და საშუალების გამოყენებით, განიხილავს და იყენებს სახელმწიფო ორგანოებსა და უწყებებს როგორც ამ ტერორის განხორციელების ქმედითუნარიან ინსტრუმენტებს.
ვთანხმდებით, რომ კრიმინალი დე ფაქტო ხელისუფლების გასანეიტრალებლად აუცილებელია უკომპრომისო და თავგანწირული ბრძოლა, რათა დავიბრუნოთ წართმეული სამოქალაქო (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული) უფლებები.
ტერორის ინსტრუმენტების გასაუვნებელსაყოფად და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიტაცებული ძალაუფლების კვლავ ხალხისთვის დასაბრუნებლად მოვითხოვთ:
ა) შსს-ის დეცენტრალიზაციას, მისი ცენტრალური აპარატის, სოდ-ის, კუდ-ისა თუ სხვა პოლიტიზებული სამსახურების გაუქმებას, ხოლო საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, დაზვერვის, კონტრდაზვერვის, საზღვრის დაცვის სამსახურების დამოუკიდებელ უწყებებად ჩამოყალიბებას;
ბ) პროკურორის ინსტიტუტის გაუქმებას და მის ნაცვლად სახელმწიფო ბრალმდებლის ინსტიტუტის შემოღებას, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლება;
გ) დამოუკიდებელი ერთიანი საგამოძიებო სამსახურის ჩამოყალიბებას; გამომძიებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სახალხო დამცველის მოთხოვნისთანავე, თუკი იგი საგამოძიებო მოქმედებებს არაობიექტურად მიიჩნევს;
დ) სასამართლო პროცესებზე მედიასაშუალებების დასწრების გაუქმებული წესების აღდგენას; მოსამართლის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, თუკი ამას მოითხოვს სახალხო დამცველი ამ მოსამართლის მიერ მიღებულ სამ სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
ე) ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებას, რათა საპატიმროებში დარჩეს 5000-ზე ნაკლები პატიმარი (ევროსტანდარტების შესაბამისად); ნარკომომხმარებელთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და მათ სავალდებულო მკურნალობას; საზოგადოებისთვის სანდო, ავტორიტეტული უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის საპატიმროების მონიტორინგის უფლების მინიჭებას;
ვ) საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნას არაკომერციულ იურიდიულ პირად – ჟურნალისტთა კავშირად, რომლის წევრებიც (საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები) თავად აირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციას; „თავისუფალი ტრიბუნის“ ხელმისაწვდომობას არაკომერციული იურიდიული პირებისთვის.
ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქმედებებით ერთდროულად უზრუნველვყოფთ:
ა) საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებასა და ჩართვას ჩვენთვის წართმეული უფლებების დაბრუნების პროცესში;
ბ) პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას და ამ აქციებში ფართო საზოგადოებრიობის ჩაბმას;
გ) ქვეყნის დე ფაქტო ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის გამოსავლენად რეფერენდუმის ჩატარებას; ხელისუფლების წინააღმდეგობის შემთხვევაში რეფერენდუმს ჩავატარებთ დამოუკიდებლად, ჩვენი ძალებით; 
გვჯერა, რომ დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა წარმატების საწინდარია!
ყველა მამულიშვილს, ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ სამოქალაქო თანხმობისკენ!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – ნათქვამია დოკუმენტში.