საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა განახლდა. ბრალდებულები საქმის განახლებას მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მედიასა და პოლიტიკოსებზე ზეწოლა ხორციელდება.
„ორი წელია, ვართ მონაწილე პოლიტიკურად მოტივირებული საქმის, რომლის აბსურდულობა ყველა საერთაშორისო ექსპერტმა და ორგანიზაციამ დაადასტურა. ქვეყანა იმართება არაკომპეტენტურად, დაწყვეული პანდემიის მართვიდან, სამწუხაროდ, სტატისტიკის აღმრიცხველები გავხდით, ვკარგავთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს. ეს არის კატასტროფა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ მილიარდობით თანხა, ვალი აიღო კოვიდის დროს, წელს კი ჟანგბადის ბალონები სხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს. „ქართული ოცნება“ სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. 2 ოქტომბერი არის ქვეყნისთვის სერიოზული თარიღი, ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი – ევროპა ან ის ჭაობი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა აღმოგვაჩინა“, – განაცხადა პროცესის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე.