სამართალი
NDI ადგილობრივი არჩევნების შეფასების მცირე ზომის გრძელვადიან საერთაშორისო მისიას იწყებს

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შეფასების გრძელვადიანი, საერთაშორისო, მცირე ზომის მისიის დაწყება დააანონსა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეფასების მისიას წინ უძღოდა NDI-ს მაღალი დონის შეხვედრების სერია, რომლის მიზანიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრების დროს ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა მხარე დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პრინციპებს დაიცავს.

NDI-ს გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი სამი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი ქართველი თანაშემწეებისგან შედგება. გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები, აგრეთვე, „კოვიდ-19“-ის გავლენა არჩევნებზე.

მომავალი თვეების განმავლობაში, NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა. გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 4 და 5 სექტემბერს ჩამოვიდნენ და საქართველოში კენჭისყრის დღის ჩათვლით დარჩებიან.

საქართველოში ყოფნის პერიოდში ისინი სოციალურ დისტანციასა და „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ყველა სხვა ზომას დაიცავენ. NDI–ს საერთაშორისო მცირე ზომის მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს“, – ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.